02 ოქტომბერი 2026,   00:47
ვრცლად
"წერილიდან წერილამდე, ფაქტობრივად, იკვეთება ის პოლიტიკური დაღმასვლა და შესაბამისი დიაპაზონი ძალიან მაღალ ხარისხში, რომელსაც განიცდის ბატონი ღარიბაშვილი" - თორნიკე ჭეიშვილი

ყველაზე მეტად ღარიბაშვილის დეგრადაციაზე მისი წერილები მეტყველებს - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში", სადაც ყოფილი პრემიერის ციხიდან გზავნილებს კიდევ ერთხელ აფასებენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის წერილებიდან კარგად ჩანს მისი არც თუ ისე ძლიერი პოლიტიკური და ანალიტიკური უნარები.

"ქართულ ოცნებაში" ღარიბაშვილს ურჩევენ, პასუხი გასცეს საზოგადოების კითხვებს - საიდან აღმოჩნდა მის სახლში მილიონობით დოლარი და სიმდიდრე.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, თორნიკე ჭეიშვილის თქმით, ექსპრემიერი ცდილობს ყურადღება გადაიტანოს და თავი აარიდოს საზოგადოებისა და გამოძიების მთავარ კითხვას - საიდან აღმოჩნდა მის სახლში მილიონობით ლარის დაუსაბუთებელი ქონება.

"წერილიდან წერილამდე ფაქტობრივად იკვეთება ის პოლიტიკური დეკადანსი, დაღმასვლა და შესაბამისი დიაპაზონი ამისა ძალიან მაღალ ხარისხში, რომელსაც განიცდის ბატონი ღარიბაშვილი. ფაქტია, რომ მან ამ შემთხვევაში საზოგადოებას შესთავაზა ძალიან არადამაჯერებელი, მდარე ხარისხის ანალიტიკა და როგორც ჩანს, ის ამით შეეცადა, რომ გაქცეოდა და გადაეფარა ისევ და ისევ ცენტრალური საკითხი და კითხვა, რომელიც ერთი მხრივ მის მიმართ არის დასმული კონკრეტული საგამოძიებო ორგანოს მხრიდან და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს კითხვა აქვს საზოგადოებას, ეს კითხვა აქვს გუნდსაც, თუ საიდან და როგორ აღმოჩნდა მის ხელში შესაბამისი დიდი ძალა, ქონება, ფულადი თანხა. ეს არის აბსოლუტურად პასუხგაუცემელი კითხვები", - აცხადებს თორიკე ჭეიშვილი. 

შეგახსენებთ, მსჯავრდებულმა ღარიბაშვილმა მორიგი წერილი მისი პრემიერობის პერიოდზე დაწერა და თქვა, რომ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურ-საზოგადოებრივი წარმატებები პირადად მისი დამსახურებაა.

 

 

 

დღის ამბები