01 ოქტომბერი 2026,   22:26
ვრცლად
საიას ანგარიშს შეიძლება მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონოდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის იმიჯი, პრესტიჟი და საბოლოო ჯამში სახელმწიფო ინტერესები - ბექა ძამაშვილი

ორკესტრირებული და დეზინფორმაციული კამპანია პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ - ასე აფასებს მმართველი გუნდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშს, რომელშიც გაკრიტიკებულია ქვეყნის სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა და პრობლემურ საკითხებად დასახელებულია ციხეებში გადატვირთულობა და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ საიამ, რომელმაც ეს ანგარიში გაეროში გაგზავნა, ფაქტები შეგნებულად გააყალბა, რადგან განსხვავებულია ოფიციალური სტატისტიკა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, საიას მიერ გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან გაგზავნილი ანგარიში, სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებაზეა ორიენტირებული.

"საიას მიერ გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან გაგზავნილი ეს ანგარიში, შეიძლება ითქვას, რომ არის სუბიექტური, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებაზე ორიენტირებული.

მედიაში ისე გავრცელდა ეს ამბავი, თითქოს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული პატიმრების რაოდენობა რაიმე საერთაშორისო სტანდარტს არღვევს ან ლიმიტს არის აცდენილი. სინამდვილეში, როგორც გაეროს, ისე ევროსაბჭოს ექსპერტთა შეფასებით, საერთო რაოდენობა არის დასაშვებ ლიმიტში.

მეორე, ამ გაგზავნილ ინფორმაციაში ისეა წარმოჩენილი სიტუაცია, თითქოს პირობით ვადამდე გათავისუფლების რაოდენობა არის მკვეთრად გაუარესებული. სინამდვილეში, მხოლოდ წლევანდელი წლის მონაცემები რომ გითხრათ, მხოლოდ რვა თვის განმავლობაში, პირობით ვადამდე გათავისუფლდა 861 ადამიანი, რაც გასული ორი წლის საერთო მაჩვენებელს უდრის.

მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ინფორმაციას აგროვებს უშუალოდ პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებით და შემდეგ ეს როგორ აისახება პატიმრების მდგომარეობაზე, ამის ნაცვლად საიამ ეს ფორუმიც გამოიყენა იმისთვის, რომ ესაუბრა NGO სექტორის უფლებებზე, თითქოს ისინი ვიწროვდებიან ქვეყანაში.

მაგალითად, არაფერი უხსენებია იმაზე, რომ როგორც გაეროს, ისე ევროსაბჭოს ექსპერტები ახსენებენ, რომ პენიტენციურ სისტემაში ვიზიტის დროს ერთი შემთხვევაც კი არ უნახავთ, როდესაც ადმინისტრაცია ძალადობდეს პატიმრებზე. მათ არაფერი უხსენებიათ ამ ანგარიშში, რომ 2012 წლის შემდეგ არც სტრასბურგის სასამართლოში და არც გაეროში ერთი შემთხვევა არ შესულა საქართველოს პენიტენციური სისტემიდან, ერთი საქმე, რომელიც დასაშვებად გამოცხადდებოდა.

ასევე საია ეყრდნობა ევროსაბჭოს ანგარიშს, რომელიც მაისში გამოქვეყნდა, რომელიც მათ შორის ამ სტატისტიკაზე საუბრობს, და იქ საქართველო დასახელებულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც პატიმართა რაოდენობა შემცირდა. საიას ეს ინფორმაცია გაეროსთვის არ გაუგზავნია. ამას შეიძლება მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონოდა, რომ ცალმხრივად, სუბიექტურად ინფორმაციის მიწოდებით როგორღაც საერთაშორისო ასპარეზზე დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის იმიჯი, პრესტიჟი და საბოლოო ჯამში სახელმწიფო ინტერესები" , - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

დღის ამბები