16 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
ნამდვილად სწორ გზაზე ვდგავარ, არ მაინტერესებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალ სასამართლო - მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე, საუბარია ე.წ. ფულის გათეთრებაზე, მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ 11 საათზე გამოაცხადებს.

როგორც "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალ მოსამართლე, მისი თავისუფლება საპატიმროს კედლებით არ განისაზღვრება და ის აუცილებლად მოიგებს ამ ბრძოლას.

"ნამდვილად სწორ გზაზე ვდგავარ. არ მაინტერესებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალ. ნამდვილად არ ვარ გიჟი და არ მიხარია, რომ შევიდე კამერაში, მაგრამ თავისუფლება კედლები არ არის, თავისუფლება არის შინაგანად რა გაქვს შენ. ამიტომ, მე ვარ თავისუფალი ადამიანი, მიხარია, რომ ამ ბრძოლაში ვარ თქვენთან ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ არა მარტო ხვალ და ზეგ, ან მაზეგ, საბოლოო ჯამში ხალხი მოიგებს ამ ბრძოლას," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, თუ ვინმე დაზარალდა 2018 წელს, სწორედ ისინი არიან, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებმაც მათი ქონების 2/3 დაკარგეს.

საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი მიიჩნევს, რომ ხვალ მოსამართლე ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. დღეს პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს ჰყავს დაზარალებული და ეს არის ბანკი, რომელსაც ათეულობით ადამიანის ქონებრივი თანხების განკარგვა შეუძლია.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხვალ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით.

პირდაპირი მტკიცებულება არის წარმოდგენილი, მათ შორის არის მოწმეთა ჩვენებები, მოწმეთა ჩვენებებში იგულისხმება ბანკის თანამშრომლების ჩვენებები, ასევე ეროვნული ბანკის შემოწმების აუდიტის წარმომადგენლების ჩვენებები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის წარმომადგენლების ჩვენებები, საბანკო გადარიცხვები, დოკუმენტური მტკიცებულებები და ერთობლიობაში ყველა ეს მტკიცებულება ადასტურებს, რომ სახეზეა ჩადენილი დანაშაული.

ცხადად და ნათლად ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში ზიანი მიადგა ბანკს, ვინაიდან აღნიშნული თანხები თაღლითურად მიისაკუთრეს," - აცხადებს საქმის პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის ივლისში აღიძრა. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები უკვე თითქმის 3 წელია მიმდინარეობს.

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

დღის ამბები