ძალადობა არასრულწლოვნებს შორის, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა - ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ბაღში, მოზარდები თანატოლს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ცემითაც ემუქრებიან.
ასევე სოციალურ ქსელში კომენტარებიდან ირკვევა, რომ ბავშვს მოძალადეები მოგვიანებით ფიზიკურადაც გაუსწორდნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
მას შემდეგ, რაც "კურიერი" თემით დაინტერესდა, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბულინგს სისტემატური ხასიათი აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვიდეოში ჩანს ბულინგი, რომელიც უფრო მძიმე დარღვევაში გადადის.
"ჩვენ ვხედავთ აშკარა ბულინგის შემთხვევას, რომელიც უფრო მძიმე დარღვევაშიც გადადის. ბავშვები ერთმანეთზე ძალადობენ ფიზიკურად, ემოციურად და იკვეთება შეუწყნარებლობა გარკვეული ნიშნით, რაც დისკრიმინაციასთან არის დაკავშირებული. ვიცით, რომ არასრულწლოვნების შემთხვევაში არაეფექტურია მათი გასამართლება, მაგრამ არა პირიქით, გაანალიზებისა და გააზრებისკენ მიმართული ძალისხმევა უნდა იყოს. ასეთ ადგილს ცხელ ადგილს უწოდებენ ხოლმე და რა თქმა უნდა, თუ მართლწესრიგის ოფიცერი აქამდე ერთხელ მიდიოდა იქ, ახლა უნდა გააქტიურონ ამ ადგილის ზედამხედველობა,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი.