20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
დათო დოიაშვილი მაყურებელს "მუსიკის ჰანგების" განახლებულ ვერსიას ახალ დასთან ერთად სთავაზობს

ქვრივ კაპიტან ფონ ტრაპს 7 შვილი ჰყავს, ის ზალცბურგის მახლობლად ცხოვრობს. მის სახლში არის დისციპლინა და აღზრდის მკაცრი მეთოდები. მამას ბავშვებისთვის მოჰყავს აღმზრდელი და ყველაფერი თავდაყირა დგება - ვისაც კი ნანახი აქვს მიუზიკლი "მუსიკის ჰანგები" ეს სიუჟეტი ნაცნობია.

მოთხრობილ ამბავს ერთი გარემოება განსაკუთრებით ამძაფრებს, ის რეალურ ისტორიას ეყრდნობა. 30-იან წლებში, ნაციზმის ეპოქაში მართლაც ყოფილა ასეთი ოჯახი და კაპიტან ფონ ტრაპის ოჯახში დედის გარდაცვალების შემდეგ აღმზრდელი მარია მიუყვანიათ. ამ ამბავზე 60-იან წლებში გადაღებული ფილმი დღემდეა ბევრისთვის საყვარელი კინოსურათი და ის ბევრჯერ თეატრის სცენაზეც დაუდგამთ.

საქართველოში "მუსიკის ჰანგები" დავით დოიაშვილმა დაახლოებით 12 წლის წინ დადგა და ახლა მაყურებელს სპექტაკლის განახლებულ ვერსიას ახალ დასთან ერთად სთავაზობს. ზოგიერთი მსახიობი პირველ დადგმაშიც თამაშობდა, ზოგიერთი კი მას შემდეგ გაიზარდა და დღეს სულ სხვა როლი მოირგო. სპექტაკლში დაახლოებით 100-მდე ადამიანია დაკავებული.

მუსიკის ახალი ვერსიები ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის, მსახიობებს აკომპანიმენტს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გაუწევს. მიუზიკლის თემატიკა დღემდე საგულისხმო და აქტუალურია, რადგან ის ბავშვებისა და უფროსების ურთიერთობაზე მოგვითხრობს. როგორ იკეტებიან ბავშვები თავიანთ სამყაროში და როგორ უჩნდებათ უნდობლობა მშობლების თუ დიდი ადამიანების მიმართ. პერსონაჟებს უწევთ დაუპირისპირდნენ დიქტატურასაც, თუმცა აქვე ჩანს როგორ შეიძლება ერთმანეთის გვერდში დგომით ყველა წინააღმდეგობის დაძლევა.

დღის ამბები