18 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
როგორია ფოთის ახალი ნავსადგური და რა ბენეფიტებს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას საზღვაო ინდუსტრიული ზონა

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა. მშენებლობა "პეის ჯგუფის" და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის, აქამდე რეალიზებული, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ პროექტი 50 მილიონი დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში. 

გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც აღნიშნა, რომ პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ევროპასთან. 

ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა კომპანია "პეისის" მხრიდან 2020 წლიდან მიმდინარეობდა. კომპანია უკვე წარმატებით საქმიანობს 30 წელია და დასაქმებული ჰყავს 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ოპერირებაში არსებული ნავმისადგომების ყოველწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას შეადგენს.

ახალი ნავსადგურის გახსნა ქართულ მხარეს მიულოცა შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანმაც, რომლის წერილიც გახსნის ცერემონიაზე მისმა შვილმა წაიკითხა. ჯეიმს ობრაიენი პარტნიორი კომპანიის ვიცე თავმჯდომარეა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, მთავრობა, დეპუტატები დიპლომატები და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლების შემდეგ პრემიერმა სტუმრებთან ერთად ფოთის ახალი ნავსადგური დაათვალიერა. ადგილზე მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა, 260 მეტრი სიგრძის ნავმისადგომი. პროექტის შემდგომი გაფართოება, რომლის ღირებულება 30 მილიონ დოლარს შეადგენს, დამატებით 230 მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს.

ადგილზე აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობებიც. ნავმისადგომი და ახალი ნავსადგურის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა მოემსახუროს მსხვილტონაჟიან გემებს, რომელთა ტვირთამწეობა 50 ათას ტონამდეა.

დღის ამბები