ქვეყანაში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მინისტრის თქმით, მიუხედავად რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევისა საველე ჰოსპიტალის დადგმის საჭიროება არ არის. მისივე ინფორმაციით, სამინისტრო პროცესის მართვისთვის ონლაინკლინიკების დამატებასაც გეგმავს.
"ჩვენ გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე ათეული ონლაინკლინიკა და ოპერატორი დავამატეთ, ვამატებთ ასევე მიმდინარე კვირის განმავლობაშიც. რაც შეეხება "ომიკრონის" მიმდინარეობას, იცით, რომ 13 ათასი შემთხვევა გვაქვს დღეს, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 150 ათასია, კიდევ დავამატებთ ონლაინკლინიკებს. ამაში ჩართულია 2500 ოჯახის ექიმი და პრიორიტეტულად ახორციელებენ ისინი ზარებს და უკუკავშირს მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებსაც ქრონიკულ დაავადებები აქვთ და სხვა გართულებების რისკი სადაცაა. დღეის მდგომარეობით და პროგნოზით საველე ჰოსპიტლის დადგმის საჭიროება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ 8 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული და დაკავებულია 5 ათასი," - განაცხადა აზარაშვილმა.