06 მაისი 2024,   06:18
ვრცლად
"იყიდება ქმარი, გაცვლას და დაბრუნებას არ ექვემდებარება" - გაბრაზებულმა ქალმა ონლაინაუქციონზე ქმარი "გაიტანა"

ახალი ზელანდიის მაცხოვრებელმა ირლანდიელმა ქალმა ქმრის გაყიდვა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მან სასკოლო არდადეგების დროს ის ბავშვებთან მარტო დატოვა.

როგორც Independent-ი წერს, ლინდა მაკალისტერი ჯონზე 2019 წელს დაქორწინდა, იმ დროისთვის წყვილს უკვე ჰყავდა 2 შვილი. კოლტი, რომელიც ახლა 4 წლისაა და რაიდერი, რომელსაც უკვე 6 წელი შეუსრულდა.

ცოტა ხნის წინ ბავშვებს სკოლაში არდადეგები დაეწყოთ და როგორც ლინდა ამბობს, ამან იმოქმედა მათ დროის რეჟიმზეც - ბავშვებმა გვიან დაძინება დაიწყეს. იმ პერიოდში ჯონი სათევზაოდ წავიდა და ცოლი ბავშვებთან მარტო დატოვა. ირლანდიელი ქალი ქმრის საქციელმა გააბრაზა და სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა. მან ქმარი ონლაინ აუქციონზე TradeMe გასაყიდად განათავსა.

"იყიდება ქმარი, სიმაღლე 184 სმ. ასაკი 37 წელი. უყვარს ნადირობა და თევზაობა, მოსწონს ფერმერობა. შეიძლება ახალ გარემოში მოხვედრისას შფოთვამ შეიპყროს, მაგრამ შეუძლია დამოუკიდებლად დამშვიდდეს. სამართავად მარტივია. ჰყავდა რამდენიმე მფლობელი. გაცვლას და დაბრუნებას არ ექვემდებარება,"- დაწერა ლინდამ გასაყიდი "ნივთის" აღწერაში.

როგორც ლინდა ამბობს, ჯონი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს აუქციონის მიმდინარეობას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მასში ბევრ ფულს გადაიხდიდნენ, თუმცა მხოლოდ 100 ახალი ზელანდიური დოლარი შესთავაზეს, რაც მხოლოდ 66 აშშ დოლარია.

მოგვიანებით განცხადება საიტიდან ამოიღეს საიტის წესების დარღვევის გამო. TradeMe-ის მენეჯერის თქმით, საიტზე გასაყიდად ქმრის განთავსება დიდი იშვიათობაა.

დღის ამბები