20 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
რატომ ვერ ხერხდება ხუცუბანში ახალი სკოლის მშენებლობის დაწყება - განათლების უწყება ენმ-ს ბრალდებებს პასუხობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში ერთადერთი სკოლის დემონტაჟის ფაქტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე გამოეხმაურა.

თედორაძის განცხადებით, სკოლის დემონტაჟი ახალი სკოლის აშენების მიზნით მოხდა, თუმცა გათვალისწინებული არ იქნა ახალი მშენებლობის დასაწყებად არც გზის და არც მიმდებარე ინფრასტრუქტურის მდგომარეობა. მისი თქმით, მოსახლეობას ახლო მდებარე სოფლებში უწევთ ბავშვების ტარება, რაც პრობლემებთან არის დაკავშირებული და სისტემატურად ამის შესაძლებლობაც არა აქვთ. 

ბონდო თედორაძის თქმით, ტენდერი 2-ჯერ უშედეგოდ გამოცხადდა. როგორც ის ამბობს, ვერ ხერხდება სკოლის ისეთი პროექტის მომზადება, რომ ამან კომპანიების დაინტერესება გამოიწვიოს.

განათლების სამინისტროში იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც იმ კომპანიასთან, რომელსაც სკოლა უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება გაუქმდა. მათი თქმით, კომპანიამ მოითხოვა ტენდერში შეთანხმებულ თანხაზე კიდევ თანხის დამატება, რაც კანონსაწინააღმდეგოა და უწყებას მოუწია ტენდერი თავიდან გამოეცხადებინა.

ახალი ტენდერი თებერვლის თვეში დასრულდება და სამუშაოებიც შესაბამისად უახლოეს პერიოდში განახლდება.

დღის ამბები