20 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ამირან გამყრელიძე მიიჩნევს რომ ქვეყანა კოვიდტალღის პიკში იმყოფება, პარალელურად, მცირდება იზოლაციისა და კარანტინის ვადები

COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.

სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაცია სრულდება Covid-19-ის დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. 

იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ  მკაცრად რეკომენდირებულია. 

COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვის  კარანტინის ვადა 8 დღის ნაცვლად განისაზღვრება 5 დღით. ამასთან  ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 6-12 დღის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10  დღე:  ბუსტერ დოზით ვაქცინირებულ პირებს; სრულად ვაქცინირებულ პირებს, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში; ასევე პირებს, კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში.

რაც შეეხება კოვიდპანდემიის მეექვსე ტალღის მიმდინარეობას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანა პანდემიის ამ ტალღის პიკში იმყოფება:

"ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ და ძალიან გვინდა, რომ სწრაფად გადავიაროთ ეს პიკი, სხვადასხვა საერთაშორისო პროგნოზირებით თითქოს გადავლილია ეს პიკი, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ამაში. ამ კვირაში შემთხვევათა რაოდენობა იმერყევებს, ალბათ, იმავე ფარგლებში და დიდი ალბათობით, იქითა კვირიდან უნდა ველოდოთ, რომ დაიწყებს შემცირებას,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები