ფოთში მომხდარი სასტიკი ისტორიის დეტალები - საკანალიზაციო მილში ჩვილის ცხედარი სანტექნიკოსმა იპოვა. ერთ-ერთ დასახლებაში ხელოსანი მას შემდეგ გამოიძახეს, რაც საკანალიზაციო სისტემას პრობლემა შეექმნა.
მილის შესაკეთებლად ხელოსანი სწორედ იმ ქალმა გამოიძახა, რომელსაც საკუთარი ჩვილის მკვლელობაში ადანაშაულებენ. "კურიერთან" საუბარში სანტექნიკოსი ყვება, რომ ცხედრის პოვნის დროს, ახალშობილის დედაც სარდაფში იმყოფებოდა. 34 წლის დიანა კაზნაფეროვა, ფოთში მეუღლესთან და 5 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც მილში გაჭედილ ცხედარს მიაგნეს, ადგილზე პოლიცია ახალგაზრდა ქალის მეუღლემ გამოიძახა.
"გამომიძახეს, მეგონა ცენტრალური მილი იყო გაჭედილი, ვიპოვეთ შიშველი ბავშვის ცხედარი.
ეს გოგო გვერდით მედგა, არაფერი არ უთქვამს, დედას რეაქცია არ ჰქონია. სასწრაფოდ მოვთხოვე დაერეკა მეუღლისთვის და პოლიცია გამოიძახა" - განაცხადა სანტექნიკოსმა "კურიერთან".
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა ბინაში იმშობიარა და ახალშობილი უნიტაზში ჩააგდო. მეზობლები "კურიერს" უყვებიან, რომ მილი 2 დღის განმავლობაში იყო გაჭედილი. საკანალიზაციო სისტემაში ცხედრის პოვნა, ადგილობრივებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
პოლიციამ დიანა კაზნაფეროვა გვიან ღამითვე გადაიყვანა განყოფილებაში, რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ კი ის დააკავეს. "კურიერი" შეეცადა მომხდარის შესახებ კითხვები დაკავებული ქალის ოჯახისთვის დაესვა. მათ მედიასთან საუბარი არ ისურვეს და ცდილობდნენ გადაღებისთვისაც ხელი შეეშალათ.
დაკავებული ქალი ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ, ფოთის კლინიკაში ჯანმრთელობის შესამოწმებლადაც გადაიყვანეს. "კურიერს" ჰოსპიტალში დაუდასტურეს, რომ მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. როგორც ირკვევა, კაზნაფეროვამ ბავშვი 5 დღის წინ გააჩინა.
საგამოძიებო მოქმედებები ფოთის ერთ-ერთ დასახლებაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ დაკავებული ახალგაზრდა ქალის მეზობლებიც გამოკითხა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დედას, ჩვილის მკვლელობისთვის 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.