16 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
NATO-ს საპასუხო ძალები უკვე მზადყოფნაში გადავიდნენ მეტი ვერტმფრენების, გემებისა თუ ჯარების განლაგებისთვის - იენს სტოლტენბერგი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები მთავარი თემაა ბრიუსელში - NATO-ს თავდაცვის მინისტერიალი ამ წუთებშიც გრძელდება. ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო ჩინოსნები საერთო ღონისძიებებზე მსჯელობენ.

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ რუსეთი ჩაერთვება დიალოგში და დიპლომატიას აირჩევს. თუმცა, ამავდროულად, აცხადებს, რომ NATO რადიკალური სცენარისთვისაც არის მზად და ყველაფერს გააკეთებს მოკავშირეების დასაცავად - "NATO-ს საპასუხო ძალები უკვე მზადყოფნაში გვყავს".

"ჩვენ ვართ საშიში მომენტის პირისპირ ევროპული უსაფრთხოებისთვის. რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან შეჭრისთვის სამხედრო ძალები მოაგროვა, ამავდროულად კი მოსკოვი იძლევა ნიშნებსაც, რომ დიპლომატია უნდა გაგრძელდეს. ეს იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, თუმცა ამ დრომდე ჩვენ არ გვინახავს დეესკალაციის რაიმე სახის ნიშნები ადგილზე.

NATO არ არის საფრთხე რუსეთისთვის და მზად ვრჩებით ჩავერთოთ დიალოგში და დიპლომატიური გამოსავალი ვნახოთ. თუმცა, ვიდრე უკეთესი შედეგისთვის მუშაობას ვაგრძელებთ, მზად უნდა ვიყოთ უარესისთვისაც.  გავაკეთებთ ყველაფერს რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად. NATO-ს საპასუხო ძალები უკვე მზადყოფნაში გვყავს, ალიანსის ძალები მზადყოფნაში გადავიდნენ მეტი ვერტმფრენების, გემებისა თუ ჯარების განლაგებისთვის. დღეს ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ როგორ ავამაღლოთ ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოზიციები და ამავდროულად მივყვეთ დიპლომატიურ ძალისხმევას," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლები NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს ხვალ შეხვდებიან. 

დღის ამბები