03 მაისი 2024,   11:27
ვრცლად
60-ჯერ დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - ოფიციალური კიევი პროვოკაციაზე საუბრობს

60-ჯერ დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. პრორუსულმა ძალებმა სტანიცა ლუგანსკას მიმართულებით გვიან ღამით ცეცხლი კვლავ გახსნეს . მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება თუმცა იყო ძლიერი ხანძარი.

ლუგანსკში ცეცხლი გუშინ დილითაც გახსნეს, ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა - ოფიციალური კიევი პროვოკაციაზე საუბრობს.

"თუ საუბარია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციაზე, ჩვენ ასეთს ვერ ვხედავთ. რას ვხედავთ ახლა? ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს, რომლებსაც ისინი მუდამ ახორციელებენ. თუმცა, დღეს ადგილი ჰქონდა თავხედურ, მასიურ პროვოკაციას. რა არის მიზანი? მიზანია, რომ ჩვენ სამხედრო გზით ძლიერი პასუხის გაცემა დავიწყოთ, რათა დაგვადანაშაულონ იმაში, რასთანაც ჩვენი დაკავშირება სურთ. რამდენად რთულიც არ უნდა იყოს, უკრაინის ხელისუფლება უნდა იყოს თავშეკავებული. არავითარ შემთხვევში არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას. უკრაინის არმია ნებისმიერი სცენარისთვის არის მზად," - აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.

დღეს რუსეთში უკრაინის საზღვრიდან ტანკებისა და სამხედროების ნაწილის გაყვანის შესახებ განაცხადეს. როგორც ცნობილია, სამხედროები დისლოკაციის ადგილზე ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში დაბრუნდნენ. თუმცა რუსეთის განცხადებებში ეჭვი შეაქვთ დასავლეთის ქვეყნებს:

"რუსული აგრესიის აჩრდილი დიდი ხანია თან დასდევს აღმოსავლეთ ევროპას, დღეს ის ჩვენს მეგობარ უკრაინას ემუქრება და საფრთხეს უქმნის ყველა ჩვენგანის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ უკრაინის მხარდამხარ ვდგავართ. რუსეთის განცხადებების მიუხედავად, სამხედრო მობილიზების შენელების ნიშნები არ ჩანს. ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ძალები გადიან. რუსეთმა უფსკრულის კიდიდან უკან უნდა დაიხიოს. როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა 15 წლის წინ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა, მან თქვა, რომ ნატოს გაფართოება სერიოზულ პროვოკაციას წარმოადგენს. მას შემდეგ ნატო რუსეთის ტერიტორიისკენ არ გაფართოებულა, მაგრამ რუსეთი შეიჭრა ორ სუვერენულ სახელმწიფოში და აგრძელებს მათი ტერიტორიული მთლიანობის შერყევას. მოვუწოდებ რუსეთს, დიპლომატიის გზა აირჩიოს. ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ.თუ ისინი გადაწყვეტენ გააგრძელონ აგრესიის გზა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება," - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ხაზს უსვამს ამ რთულ დროს დასავლეთის ქვეყნებს თანადგომას და აცხადებს, რომ უკრაინა არ იშურებს ძალისხმევას, რომ მშვიდობა იყოს დაცული, რუსეთმა მოახდინოს დეესკალაცია და კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოგვარდეს: 

"ჭურვები გამოუშვეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს. ახლა რუსული პროპაგანდა ცდილობს, შენიღბოს რეალობა და უკრაინა დაადანაშაულოს ცეცხლის გახსნაში. მათ ეს არ გამოუვათ. უკრაინის და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობა ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს. უკრაინას დიდი ბრიტანეთის სახით ერთგული მეგობარი ჰყავს. რაც არ უნდა რთული იყოს უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ ამ თანამშრომლობამ შედეგი უკვე გამოიღო. რადგან ყველა თარიღი, როდესაც ნავარაუდევი იყო რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყება, ამ დრომდე არ გამართლდა. ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიას შედეგი მოაქვს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რა მოხდება ხვალ, მაგრამ დღეს ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ მშვიდობა იყოს დაცული და რუსეთმა მოახდინოს დეესკალაცია და კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოგვარდეს," - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

დღის ამბები