03 მაისი 2024,   10:24
ვრცლად
უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსულმა სპეცსამსახურებმა ოკუპირებულ დონეცკში ობიექტები დანაღმეს

უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების რიცხვი 190 ათასს აღწევს. ვაშინგტონი ირწმუნება რომ საზღვარზე მყოფი დანაყოფების 40% საბრძოლო მზადყოფნაშია.

"ამ მომენტისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ მან თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვაქვს მიზეზი, რომ ამისი გვჯეროდეს. ფაქტები მოწმობს რუსული ჯარების მხრიდან უკრაინის ალყაში მოქცევას ბელარუსის ტერიტორიიდან, ასევე რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ, სამხრეთით, შავ ზღვამდე. საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმას უახლოეს კვირაში ან დღეებში გეგმავენ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იქნება - ქალაქი, რომელშიც 2.8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს. რუსული სახელმწიფო მედიის მხრიდან დეზინფორმაციის მრავალი მაგალითია, მათ შორის დონბასის რეგიონში "გენოციდის თაობაზე" ყალბი განცხადება. თუ რუსეთი ამ გეგმების განხორციელებას მიჰყვება, რუსეთი პასუხისმგებელი იქნება კატასტროფულ ომზე. აშშ და ნატოს მოკავშირეები ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავენ. ჩვენ არ გავაგზავნით ჯარებს უკრაინაში საბრძოლველად, თუმცა გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას,"- აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კი დონეცკის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან მათი ინფორმაციით ოკუპირებულ დონეცკში რუსულმა სპეცსამსახურებმა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმეს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსი დანილოვი ამბობს, რომ ჯერჯერობით სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფაქტები არ ჩანს, თუმცა მოსალოდნელია მიზანმიმართული პროვოკაციები რუსეთის მხრიდან.

"ვერ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან შემოჭრას. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაციებია მოსალოდნელი. ამისთვის გვაქვს შესაბამისი რეაგირება ჩვენი შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებისგან ჩვენი მონაცემებით, დღეს არის დიდი საფრთხე, რომ იქ მყოფი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გარკვეულ პროვოცირებას მოახდენენ. მათ შეუძლიათ, გააკეთონ ის, რასაც საერთო არ აქვს ჩვენს სამხედროებთან და სამსახურებთან," - განაცხადა ალექსი დანილოვმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიმართავს. მისი თქმით, ოკუპანტები მათ სიტუაციის ესკალაციისა და სისხლისღვრისთვის იყენებენ.

"დონბასში თავდასხმითი ოპერაცია გამოიწვევს უამრავ სამოქალაქო მსხვერპლს, ამიტომ ასეთი სცენარები არც განიხილება. ამ დღეებშიც კი, როდესაც სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევენ, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვპასუხობთ, თუ პერსონალის ან მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პროვოკაციებს არ ვემორჩილებით. არ ვისვრით საცხოვრებელ ადგილებში, სადაც მებრძოლებმა თვიანთი პოზიციები განათავსეს ცინიკურად. მივმართავ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას - ნუ დაუჯერებთ ოკუპანტების ტყუილს. თქვენ გიყენებენ სიტუაციის ესკალაციისთვის, მორიგი სისხლისღვრისთვის," - აცხადებს ვალერი ზალუჟნი.

დაცარიელებულია ლუგანსკიც, ქალაქში განგაშის სირენების ხმა ისმის.

დღის ამბები