20 აპრილი 2024,   11:10
ვრცლად
ე.წ. ქოლცენტრების და მითვისებული მილიონების საქმე - "კურიერმა" თაღლითური სქემის მასალები მოიპოვა, რომელშიც ჩანს როგორ მოქმედებდნენ დამნაშავეები

მითვისებული მილიონები და 5 დაკავებული - ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულებს დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. "კურიერმა" საქმის მასალები მოიპოვა, რომელშიც ჩანს სქემა, როგორ მოქმედებდნენ დაკავებულები, როგორ უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს და მოგების სანაცვლოდ სხვადასხვა ფინანსურ სისტემაში ფულის ჩადებას სთავაზობდნენ.

"კურიერის" მიერ მოპოვებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოში მოქმედი ე.წ. ქოლცენტრის თანამშრომლებმა თაღლითობით უცხო ქვეყნის მოქალაქეების 10 მილიონამდე ლარი მიითვისეს.

სქემა ასეთია - გერმანიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში პენსიონერებს ურეკავდნენ, არწმუნებდნენ, რომ ეყიდათ ფასიანი ქაღალდები, აქციები, კრიპტოვალუტა და სასაქონლო აქტივები, შედეგად კი, ელექტრონულ ვაჭრობაში ჩართულ პირებს, დიდი მოგების დაპირებით, კომპანიის ანგარიშზე, მინიმუმ, 300 ევროს არიცხინებდნენ. ვირტუალურ სივრცეში არსებული მოგება რეალურს ჰგავდა, თუმცა, როდესაც საქმე თანხის განაღდებამდე მიდიოდა, უცხოელი მოქალაქეები ხვდებოდნენ, რომ მათ ანგარიშზე ფული არ იყო. 

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულში ქართველებთან ერთად, ისრაელის მოქალაქეებიც მონაწილეობენ - არეგისტრირებდნენ სხვადასხვა კომპანიებს, თაღლითურად დაუფლებული თანხებით კი, დასაქმებულებს სოლიდური ხელფასები ერიცხებოდათ. 

არც ადვოკატი უარყოფს და დოკუმენტებითაც დასტურდება, რომ ბრალდებულ მარიამ ქავთარაძეს 4 წელში 630 ათასი ლარი ჩაერიცხა. კიდევ ერთ ბრალდებულ არჩილ გაგნიძეს კი, 2 წელში 400 ათასი აქვს აღებული. სასამართლოში ხუთივე დაკავებულმა ბრალი აღიარა. 

აღიარების შემდეგ, დაკავებულები გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ისინი პატიმრობაში დატოვა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები უკანონო საქმიანობას თბილისში, საბურთალოს ტერიტორიაზე მოწყობილ ე.წ ქოლცენტრებით ახდენდნენ. გამოძიებამ ჩხრეკის შედეგად, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები ამოიღო. ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებული 5 პირის გარდა სისხლის სამართლის დევნა 17 პირის მიმართ დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები უცხოეთშიც ტარდება. 

ამ საქმეზე, გასულ თვეში 7 პირი დააკავეს, ისინი ნუცუბიძის ქუჩაზე მოწყობილ ე.წ. ქოლცენტრში უკანონო საქმიანობის დროს აიყვანეს. კიდევ ერთი, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება რამდენიმე თვის წინ მოხდა. 

ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად ქართველი სამართალდამცველები, უცხოელ კოლეგებთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობენ. არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

დღის ამბები