შეინარჩუნებს თუ არა "ომიკრონის" შემცირებული სტატისტიკა კლების სტაბილურ დინამიკას - ამ კითხვაზე გადამწყვეტი პასუხი ეპიდემიოლოგებს უკვე ხვალისთვის უნდა ჰქონდეთ. როგორც წესი, კვირის განმავლობაში სწორედ სამშაბათია ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის დღე.
ამასთან, სპეციალისტები პანდემისათან ბრძოლაში ვაქცინაციისა და რეკომენდაციების დაცვის
მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ.
"ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებია გვაქვს დადებითი დინამიკა, მაინც მნიშნველოვანია მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, განსაკუთრებით რისკჯგუფში," - განაცხადა ეპიდემიოლოგმა ალექსანდრე გოგინავამ.
ჯანდაცვის ექსპერტი მაკა ბულეიშვილი "ომიკრონის" ტალღის უკუსვლას ელოდება.
"გამორიცხული არ არის მოხდეს დაღმასვლა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესება. ჰოსპიტალურ სექტორში შესაძლებელია ითქვას რომ არ არის მაღალი. ამ ეტაპისთვის საწოლფონდი არსებობს და როგორც დავაკვირდით, ძირითადად ჰოსპიტალიზაცია უწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ასაკობრივ ჯგუფში და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები," - აღნიშნა ჯანდაცვის ექსპერტმა და მედიცინის აკადემიური დოქტორმა, მაკა ბულეიშვილმა.