20 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ლომბარდი, რომელმაც მოქალაქეების ძვირფასი ნივთები მიითვისა - მეპატრონე გაქცეულია, დაზარალებულები ასეულობით ათასი ლარის ოქროულობას ეძებენ

ასზე მეტი ოჯახი ლომბარდში ჩადებული ნივთების დაბრუნებას ითხოვს. მეპატრონე გამქრალია და სავარაუდოდ, მას უკვე დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები.

დალი გაბაიძემ, ლომბარდს, ოჯახის წევრის გადასარჩენად მიმართა. სესხი აიღო და შვილს უბედური შემთხვევის დროს მიღებულ მძიმე დამწვრობაზე უმკურნალა. თანხა ლომბარდიდან საკუთარი და ნათესავების ძვირფასეულობის ჩაბარების შემდეგ გამოიტანა. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, ოჯახმა ნივთების დასაბრუნებელი თანხა მოაგროვა და კონტრაქტით გათვალისწინებული 20 000 ლარი სრულად დაფარა. ვალდებულების შესრულების მიუხედავად, ლომბარდს მისთვის სამკაულები ნახევარი წლის მერეც არ დაუბრუნებია.

დალი გაბაიძის მსგავსად, ქობულეთში, თავისუფლების 26 ნომერში მდებარე ლომბარდის მეპატრონემ თაღლითურად კიდევ ათობით სხვა პირის ძვირადღირებული სამკაულიც მიითვისა. დაზარალებულები იურიდიულ მისამართზე ყოველდღე მიდიან, თუმცა მათ ლომბარდი ყოველ ჯერზე დაკეტილი ხვდებათ.

ლომბარდი ირაკლი ძიძიგურს ეკუთვნის. პირს, რომელმაც დაზარალებულების ინფორმაციით, საკუთარი ქონება მამამისს გადაუფორმა, ამის შემდეგ კი ქვეყანა დატოვა.

ათასობით ლარის მოტყუებით მითვისებაში მხილებულის ადგილსამყოფელი უცნობია. სად არის ირაკლი ძიძიგური, ეს ოჯახშიც არ იციან, ან ინფორმაციას ღიად არ ამბობენ. 

თაღლითურ სქემას ადგილობრივი უფლებადამცველებიც სწავლობენ. საკითხის შესწავლის პროცესში თამაზ ბაკურიძეც ჩაერთო და პრობლემის შესახებ ინფორმაცია პირადად მოსახლეობისგან მიიღო. დაზარალებულები რაიონულ პოლიციაშიც მივიდნენ, სადაც პასუხები ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებისგან მოისმინეს. რომ, საკითხზე საქმე უკვე აღძრულია.

ახლა ჯერი მართლმსაჯულებაზეა. როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური სარჩელები უკვე მომზადებული და ბათუმის საქალაქო სასამართლოშია შეტანილი.

დღის ამბები