06 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
"ჩვენდა სამარცხვინოდ, უკრაინას ახლა აქვს განცდა, რომ ჩვენ ზურგში მახვილი ჩავარტყით" - ალეკო ელისაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით ოპოზიციაში საქართველოსთვის "თავლაფის დასხმას" უწოდებენ. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით უკრაინა გვაჩვენებს, რომ მისთვის მოკავშირე და მეგობარი ქვეყნის სტატუსი აღარ გვაქვს. 

"თუ პრეზიდენტი ზელენსკი იცლის იმისთვის, რომ ელჩი გაიწვიოს საქართველოდან, ნიშნავს, რომ ის არა მეგობრად თვლის საქართველოს ან ნეიტრალურ ქვეყნად, არამედ მიიჩნევს, რომ აქვს ისეთი ქმედებები, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს მეგობრობას. ეს ამის გამოხატულებაა. არავინ ითხოვს ხელისუფლებისგან ომი გამოუცხადოს რუსეთს ან რამე პროვოკაციის დამატებითი საფუძველი მისცეს, მაგრამ იქ რომ დავდგეთ, სადაც ცივილიზებული სამყარო დგას, ამას არაფერი ხელს არ უშლის," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
 
"მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სირცხვილია, როდესაც უკრაინას აქვს განცდა, თითქოს საქართველომ გაჭირვებაში მიატოვა და "ზურგში მახვილი დაარტყა."
 
"ჩვენი სახელმწიფო არსებობის მანძილზე ასეთი თავლაფდასხმული არასდროს ყოფილა, რადგან არსებობის მანძილზე არასდროს მიგვიტოვებია და გვიმუხთლია ჩვენი მოკავშირისთვის, ჩვენი ძმებისთვის და მეგობრებისთვის. კი, ჩვენდა სამარცხვინოდ, უკრაინას ახლა აქვს განცდა, რომ ჩვენ ფეხი დავუდეთ და ლამის ზურგში მახვილი ჩავარტყით,"-აცხადებს ელისაშვილი. 
 
დღის ამბები