06 მაისი 2024,   00:41
ვრცლად
რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა დამანგრეველი შედეგი გამოიღო, ეს ჩვენი ერთიანობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა - ოლაფ შოლცი 

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამან მომენტალური და დამანგრეველი შედეგი გამოიღო. მისი თქმით, ეს ერთიანობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და მომავალშიც, ევროკავშირმა ერთიანად უნდა იმოქმედოს. შოლცი ამბობს, რომ ახლა ყველაზე მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი და ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს.  

"ევროპაში ომი მიმდინარეობს, რუსეთს უკრაინაში უსაზღვრო რაოდენობის ჯარები ჰყავს შეყვანილი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ ადგილზე ომი დასრულდეს და ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ. მაქვს ინტენსიური კომუნიკაცია პრეზიდენტ ზელენსკისთან, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტთან, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან. მნიშვნელოვანია ამ დროს გამოვავლინოთ ევროპის ერთიანობა და რომ ევროკავშირი ერთიანად მოქმედებს. არავინ ელოდა იმ ერთიანობასა და სოლიდარობას, რაც ევროკავშირმა გამოავლინა. რუსეთის მიმართ დაწესებულმა ჩვენმა სანქციებმა მომენტალური, დამანგრეველი შედეგი გამოიღო. ეს ჩვენი ერთიანობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ვისურვებდი, რომ ასე გავაგრძელოთ," - აცხადებს ოლაფ შოლცი.

ლატვიის პრემიერ-მინისტრი, კრიშანის კარინში ამბობს, რომ ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის, ამიტომ მას ევროკავშირი ბევრი მიმართულებით უნდა დაეხმაროს, მათ შორის მატერიალური, მედიკამენტების, ნავთობის, საკვებისა და ბევრი სხვა კუთხით. 

"უკრაინა ჩვენს ბრძოლას იბრძვის. მათ უკავიათ სამხედრო ფრონტი, ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას სამხედრო, მატერიალური, მედიკამენტების, ნავთობის, საკვებისა და ბევრი სხვა კუთხით. შესაბამისად, მათ შეუძლიათ იბრძოლონ ჩვენთვის, დემოკრატიისთვის, ეკონომიკის კუთხით ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არა მხოლოდ იზოლაციაში მოვაქციოთ პუტინის ეკონომიკა, არამედ უნდა შევარყიოთ ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად, სანქციებით და მეტად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ენერგო იმპორტის შეწყვეტაზე რუსეთიდან, რომ დავსვათ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან ომის შესაჩერებლად. თუ არა ახლა, მაშინ როდის. ჩვენ არ ვიბრძვით სამხედრო ბრძოლაში, ამას უკრაინა აკეთებს, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი წილი, რათა დავეხმაროთ უკრაინას პუტინის შეჩერებაში." - ამბობ კრიშანის კარინში.

პარალელურად, კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფინეთმა და შვედეთმა მოითხოვეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდეს ევროკავშირის 42-ე მუხლი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ერთ-ერთი წევრის ტერიტორიას საფრთხე დაემუქრება, ყველა ვალდებულია მას დაეხმაროს.

დღის ამბები