04 მაისი 2024,   10:17
ვრცლად
გახდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირეები - ჰელსინკის კომისიის განცხადებას შეფასებები მოჰყვა

შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უკრაინას და საქართველოს NATO-ს "არაწევრი მთავარი მოკავშირის" სტატუსი მიანიჭოს. კომისია მიმართავს ბაიდენს, ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს.

თბილისში ჰელსინკის კომისიის მოწოდებაზე უკვე გაკეთდა პირველი შეფასებები.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საუბარი დასავლეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ერთ კონტექსტში ხსენებაზე არის კარგი, რადგან, ოპოზიციის განმარტებით, ევროპა და ამერიკა  ხვდება, რომ უკრაინის მსგავსი ვითარება სხვა ქვეყნებშიც შესაძლებელია, დადგეს :

"ვფიქრობ, რომ არაწევრი ქვეყნის სტატუსი არა არის ის, რასაც ითხოვს უკრაინა და საქართველო. ჩვენ გვინდა, რომ სრულფასოვანი წევრები ვიყოთ და ამ ეტაპზე რაღაცის შემოთავაზებას, სჯობს იმაზე დავიწყოთ საუბარი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ საქართველოც და უკრაინაც,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ნონა მამულაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის არის მნიშვნელოვანი. 

"იმიტომ გვინდა ევროპა და NATO, რომ ეს სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას. თუ რუსეთი და რუსულად განწყობილი ადამიანები იტყვიან რატომ გავრბივართ NATO-ში, რუსეთი მოგვდევს  გვაცლის ტერიტორიებს, გვანადგურებს და ამისთვის გვჭირდება. თუ სხვა უსაფრთხოების კონცეფციაზე შეიძლება საუბარი და რუსეთი თანახმაა, რომ საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებით უზრუნველყოს სხვა ქვეყნებთან ერთად ჩვენი უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ არის რუსეთის გაღიზიანება და NATO-ში შესვლა, ჩვენთვის მთავარია საქართველოს უსაფრთხოების საკითხები,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საქართველო სტრატეგიული მოკავშირეა NATO-თვის. თუკი ჰელსიკის კომისიის მოთხოვნა შესრულდება და საქართველოს მიენიჭება ძირითადი და მთავარი მოკავშირის ქვეყნის სტატუსი, მმართველი გუნდის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ იქნება სტრატეგიული ურთიერთობების ფორმალიზება, რაც საქართველოსთვის მომგებიანი და მნიშვნელოვანი იქნება არაერთი მიმართულებით.

"რაც შეეხება საქართველოს ძირითადი მოკავშირის სტატუს NATO-თვის, ეს, რასაკვირველია, არავისთვის ეჭვს არ წარმოადგენს, რომ დღეს ოპერაციებში მონაწილეობის თვალსაზრისით, საგარეო პოლიტიკური კურსის თვალსაზრისით არის ის დონე, რომელიც არაწევრ ქვეყნებში მსოფლიოში დღესდღეობით არავის გააჩნია, თუ არა საქართველოს, თუმცა ამის ფორმალიზებაზეა საუბარი, რამაც დამატებითი რესურსი უნდა შეგვიძინოს უსაფრთხოების და ეკონომიკური რესურსების მობილიზების თვალსაზრისით,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ჰელსინკის კომისია 1976 წელს დაარსდა, როგორც დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო, ოფიციალურად ცნობილია, როგორც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია. კომისია შედგება აშშ-ის კონგრესის 18 წევრისაგან.

დღის ამბები