03 მაისი 2024,   10:15
ვრცლად
კამათი ბიუროს სხდომაზე - "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტები დესტრუქციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში დაადანაშაულა  

ქვეყნის საგარეო მიმართულებეზე მსჯელობას ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა. პოლიტიკური დებატი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ საქართველომ უნდა გაააქტიუროს მუშაობა ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებისთვის

"ძალიან სახიფათო დისკუსია დაიწყო ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, რომელიც ვფიქრობ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არის და ვფიქრობ თუ თქვენ მომხრე  ხართ ევროკავშირში ინტეგრაციის აქაც უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა და ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაქმნელი არის კონკრეტული მექანიზმი. მოგმართეთ, რომ გაგვეკეთებინა ერთობლივი დელეგაცია ბრიუსელში, რომ ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიცია დაგვიფიქსირებია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

"ქართულმა ოცნებამ" ოპონენტები დესტრუქციასა და დეზინფორმაციულ კამპანიაში დაადანაშაულა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს - აპირებს თუ არა დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას, რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე. 

"ამ გეოპოლიტიკურად რთულ ვითარებაში, ვხედავთ რუსთაველის გამზირზე აქციებს, სადაც აღმოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიცია აპირებთ გააგრძელოთ ამ დესტრუქციული ნაბიჯებით სიარული და შეკრება რუსთაველზე და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, თუ შეიცვალეთ აზრი და გსურთ, რომ რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში გესაუბრებით, რომ რა თქმა უნდა ვიყოთ ერთიანი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი. 

 მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სხდომაზე გაიხსენეს 17 მარტს, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიც.

"რამდენიმე დღის წინა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ასეთი რამ თქვა, ახსენა სიტყვა ნეიტრალიტეტი. ეს არის ძალიან საშიში რამ, ეს არის შემოგდებული ქვეყნის გარედან იმისათვის, რომ საქართველოში ამ ძალიან საშიში თემის განხილვა დაიწყოს. მე მოგიწოდებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს, რომ ნუ აჰყვებით "ნაციონალურ მოძრაობას" და ნუ დაიწყებთ ნეიტრალიტეტის ზონდირებას საქართველოში.

საქართველოს კონსტიტუციით საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ნატოში აპირებს გაწევრიანებას. ამიტომ ნეიტრალიტეტზე საუბარი უბრალოდ ვერ იქნება,"- აცახდებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადება მიმართულია, როგორც ჰიბრიდული ომი სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. 

"17 მარტს სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა ეს საკითხი და იმის შემდეგ ისე გაიშალა პოლიტიკოსების და სპიკერების მხრიდან თითქოს ეს არის განხილვის საკითხი. ვხედავთ რამხელა ემოციებზე გადის, მათ შორის მედიაში ეს საკითხი, არადა საკითხი საერთოდ არ დგას.

 ვხედავთ, რომ ეს არის პირდაპირ ჰიბრიდული ომი სახელმწიფოს ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც გამოიხატება დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირების მხრივ და მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევის კუთხით,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

 

 

 

დღის ამბები