04 მაისი 2024,   20:36
ვრცლად
ცეცხლის ალში გახვეული ქალაქები და ბავშვებზე მიტანილი იერიში - საოკუპაციო ძალები ქალაქების ხელში ჩაგდებას კვლავ უშედეგოდ ცდილობენ

ომის დაწყებიდან ერთი თვე უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო სამხედრო გემის ჩაძირვით აღნიშნა."ორსკი" პირველი რუსული გემი იყო, რომელიც ოკუპირებულ ბერდიანსკში აზოვის ზღვიდან შევიდა.

რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ ამ გზით ფრონტს სამხედრო ტექნიკას და საბრძოლ მასალებს მიაწვდიდა, თუმცა გემი, რომელსაც 1500 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია, უკრაინის სარაკეტო ფსკერისკენ წავიდა, მასთან ერთად დაზიანებულია კიდევ ერთი სადესანტო გემი "სარატოვი", ხოლო ორმა რუსულმა ხომალდმა თავს გაქცევით უშველა.

ამერიკული დაზვერვა აცხადებს, რომ უკრაინელებმა რუსები კიევიდან 55 კილომეტრით უკან გადააგდეს, ამასვე ადასტურებენ ბრიტანეთის სპეცსამსახურები. უკრაინელები კონტრშეტევაზე არიან გადასული. რუსული არმია დემორალიზებულია, არა აქვს მომარაგება, ვერ ახდენს გადაჯგუფებას, დგას თავდაცვაში და არის რისკი, რომ უკრაინელების ალყაში მოხვდეს. ამასთან, კიევი ირწმუნება, რომ უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი მაკარივზე, რუსებს ალყის საფრთხე აქვთ ირპენსა და ბუჩში.

ბერდიანსკის სიახლოვეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სადესანტო ხომალდი "ორსკი" გაანადგურეს. დაზიანებულია კიდევ ორი გემი, რომლებმაც ტერიტორია მალევე დატოვეს. მიმართულება უცნობია. 

ლუგანსკის ოლქში თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტები და ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. დაიღუპა 4 ადამიანი, თუმცა მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. სრულად განადგურებულია 10 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და 13 კერძო სახლი. 
ინტენსიურად დაიბომბა ღამის განმავლობაში ჩერნიგოვი.

საოკუპაციო ძალები კვლავ ცდილობენ ქალაქის ხელში ჩაგდებას. ორმხრივი ცეცხლია ჩერნიგოვის ოლქის რამდენიმე სოფელში. უკრაინელი სამხედროები კი აქტიურად იყენებენ დასავლეთის მიერ მიწოდებულ სტინგერებს და ჯაველინს.

ღამის განმავლობაში განადგურებულია ოკუპანტების რამდენიმე საფრენი აპარატი და ფრთოსანი რაკეტა. მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას კვლავ კატეგორიულად უარყოფს ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის უწყება. აქ, აქცენტს მხოლოდ იმაზე აკეთებენ, რომ მიზანი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

ქალაქ იზიუმის ცენტრალურ კვარტალში სადაზვერვო სადგურები არ იყო, მაგრამ საავიაციო დარტყმა იქ მაინც განხორციელდა. ნანგრევების ქვეშ მაშველები 30-მდე ადამიანს ეძებენ.

დღის ამბები