უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - რთული ვითარებაა რამდენიმე ქალაქში, თუმცა ყველაზე ცხელ წერტილად ისევ მარიუპოლი რჩება. გაეროს ადამიანის უფლებათა ჯგუფის ინფორმაციით, მარიუპოლში "მასობრივი საფლავებია", ერთ-ერთში 200-მდე ცხედარია ნაპოვნი.
ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქის შესახებ ცნობებს "გარდიანი" ავრცელებს. დღესვე ითქვა, რომ მხოლოდ დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. განადგურებულია არა ერთი სამოქალაქო ობიექტი, უმწვავესი პრობლემაა ჰუმანიტარული კრიზისი. ქალაქი ოკუპანტების ალყაშია.
საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე "როიტერი" ავრცელებს ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომლის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული ავტომატური დამიზნების მქონე რაკეტების 60 პროცენტი წარუმატებელია.
პერიოდულად განგაშის სიგნალი ისმის დედაქალაქში. საოკუპაციო ძალები ამ დრომდე ვერ ახერხებენ კიევის ალყაში მოქცევას, უფრო მეტიც, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კიევის რეგიონში კონტრშეტევაზეა გადასული.