03 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
კარგი იქნებოდა, საქართველოს ჰქონდეს შეტევითი პოტენციალი და შეეძლოს გასეირნება აფხაზეთამდე, მაგრამ სამწუხაროდ არ შეუძლია - პაატა მანჯგალაძე ალექსეი დანილოვის განცხადებაზე

უკვე მეორე დღეა, განხილვის საგანია უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება - ალექსეი დანილოვის პოზიციას, რომ უკრაინას მეორე ფრონტის გახსნა დაეხმარება და მოლდოვა და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით უნდა დაკავდნენ, დღეს მხარდამჭერი გამოუჩნდა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისთვის გასაგები და მისაღებია დანილოვის განცხადების მოტივაცია, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ბრძოლის რესურსი არ აქვს.

"ღმერთმა ნუ ქნას და შეტევა რომ ყოფილიყო თბილისზე, სიამოვნებით მომინდებოდა კიევს მეორე ფრონტი გაეხსნა, ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ომის მდგომარეობაში მყოფი ადამიანია, ის არის უკრაინის პატრიოტი და რა თქმა უნდა, მისთვის სასიამოვნო იქნებოდა თუ რუსული ძალები კონცენტრირებული არ იქნებოდნენ მხოლოდ უკრაინასთან და იქნებოდა კიდევ სხვა ფრონტის ხაზები. ჩვენ, ქართველ პატრიოტებს

იმიტომ გვაქვს თავი, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება - სწორია თუ არა მსგავსი რჩევები. კარგი იქნებოდა, საქართველოს რომ ჰქონდეს შეტევითი პოტენციალი და შეძლოს გასეირნება აფხაზეთამდე, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს არ შეუძლია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

კოლეგას არ ეთანხმება "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი - მისი შეფასებით, საქართველოს რომც ჰქონდეს ომის მოგების პოტენციალი, მისი დაწყება მაინც დიდი შეცდომა იქნებოდა.

"ადამიანს, რომელსაც ესმის, რა მდგომარეობაშიც ვართ ჩვენ, მიხვდებოდა, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა დავიწყოთ ომი, იმიტომ, რომ რომც შეგვეძლოს ამ ომის მოგება, ეს ნიშნავს, რომ იარაღით უნდა ვებრძოლოთ, მათ შორის, აფხაზებს და ოსებს. ეს მოწოდება, ფაქტობრივად, იყო იმის მოწოდება, რომ ჩვენს შიგნით კიდევ ერთი კონფლიქტი შევქმნათ და ადამიანების მსხვერპლი გავწიოთ, რაც, გარკვეულწილად, ამორალურიც შეიძლება იყოს," - აცხადებს რაქვიაშვილი.

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ალექსეი დანილოვის ამ განცხადებით, მათი ეჭვები დადასტურდა, რომ არსებობს მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის.

"საკმაოდ ცუდად მოსასმენი და სამწუხარო განცხადება იყო იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად ეს მოწოდება საქართველოსა და მოლდოვისადმი მცდარია. ამით დადასტურდა პრაქტიკულად ის, რაზეც ამ ხნის განმავლობაში ღიად ვსაუბრობდით, მაგალითად, საქართველოში არსებული რადიკალური ოპოზიციის იდეებთან დაკავშირებით, რომ საქართველო რამენაირად აღმოჩენილიყო ფრონტის ხაზის ერთ-ერთ მხარედ, აქ რაღაც სამხედრო მოქმედებები გაჩაღებული. ეს პრაქტიკულად დადასტურდა, რომ ეს არის არა უბრალოდ ვარაუდი და ეჭვი, არამედ პრაქტიკულად შემდგარი ფაქტი," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

"არსებობს არაჯანსაღი ინტერესი საქართველოს ომში ჩართვის და აქ მეორე ფრონტის გაჩაღების, რომელიც ერთი მხრივ, უკრაინული მხრიდან მომდინარეობს და საქართველოს მხრიდან მას "ნაციონალური მოძრაობა" ორკესტრირებულად უწყობს ხელს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ და მოვითხოვთ ამ მძიმე ვითარების შეწყვეტასა და ომის დასრულებას, თუმცა მეორე მხრივ, ომის ვითარებაში ხელშეწყობა იმით, რომ გაჩაღდეს მეორე ფრონტი, დაინთოს მეორე ცეცხლი და იქ კიდევ გაგრძელდეს ბავშვებისა და ქალების დაღუპვა, ეს ყველანაირ მორალურ ზღვარს სცილდება,"-აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 
დღის ამბები