06 მაისი 2024,   04:40
ვრცლად
პოლონეთი მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი, თუ ამაში ჩართული იქნება როგორც აშშ, ისე დიდი ევროპული სახელმწიფოები - იაროსლავ კაჩინსკი

ანკარა ისევ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის თარიღის შეთანხმების მოლოდინშია, მანამდე კი ომში ჩართული სახელმწიფოების წარმომადგენლების მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ონლაინ ფორმატში გაიმართა. შესათანხმებელი საკითხები უცვლელია.

უკრაინა NATO-ზე უარის სანაცვლოდ გარანტორებს ითხოვს - ბრიტანეთის, გერმანიისა და თურქეთის შემდეგ პოლონეთიც მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი, თუმცა კონკრეტული დათქმით.

პოლონეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, პოლონეთი მზად არის გახდეს გარანტორი ქვეყანა უსაფრთხოების საკითხებში იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატებიც იქნება გარანტორი. პოლონეთში ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია შესული და პოლონეთი უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.

"პოლონეთი მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი, ვფიქრობ, თუ იქნება სერიოზული გარანტიები, სადაც ჩართული იქნება როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე დიდი ევროპული სახელმწიფოები, პოლონეთი ცხადია გარანტორობაზე უარს არ იტყვის," - აცხადებს პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი.

ასევე უსაფრთხოების გარანტორად მზად არის გამოვიდეს თურქეთიც, ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერ უნდა იყოს მოლაპარაკებული დეტალები.

"გუშინ პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე. მოველი, რომ პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის თარიღი დადგინდება. ჩვენ გამოვაცხადეთ მზადყოფნა სტამბოლში ასეთი შეხვედრის მოწყობისთვის, განსაკუთრებით ყირიმსა და დონბასზე გადადგმული ნაბიჯების კონტექსტში. თურქეთში ასეთი მაღალი დონის ორგანიზებაზე პრეზიდენტს ზელენსკის დადებითი პოზიცია აქვს. პუტინმაც ადრე დადებითად ისაუბრა ამაზე. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ შევძლებთ უარყოფითი პროცესების შებრუნებას და მათი პოზიტიური მიმართულებით წარმართვას. ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ამ ორი ქვეყნის ლიდერმა უნდა მიიღოს და თურქეთი მოხარული იქნება თუ ამ მიმართულებით შედეგს მიაღწევს," - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, პოზიტიურია თავად ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებებმა ბელარუსიდან თურქეთში გადაინაცვლა. ასევე, დმიტრო კულება ამბობს, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს და მომხრეა შეხვედრისა უმაღლეს დონეზე.

"მადლობელი ვართ თურქეთის პრეზიდენტის ძალისხმევისთვის. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ იმის წყალობით, რომ მან პირადად მიაქცია ყურადღება უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების საკითხს, შესაძლებელი გახდა ამ მოლაპარაკებების ბელარუსიდან თურქეთში გადატანა. ეს არის ცალსახად პოზიტიური გადაწყვეტილება და ასევე, დიპლომატიური ენით, სწორი ატმოსფეროს შექმნა თავად მოლაპარაკებებზე, რადგან მან სიტყვით მიმართა მონაწილეებს მოლაპარაკებების დაწყებამდე. თუ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის ორგანიზება მოხერხდება, ის მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება ამ ინიციატივას. თუ გავითვალისწინებთ თურქეთის დიპლომატიის ამ წარმატებებს, რა თქმა უნდა, თუ ის მოახერხებს თურქეთში პრეზიდენტ ზელენსკის და პუტინის შეხვედრის ორგანიზებას, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ ინიციატივას," - ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

დღის ამბები