სროლა და კივილის ხმა აფრიკის დასახლებაში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი ფილიალის მიმდებარედ გუშინ, სამუშაო საათების დროს გაისმა. თვითმხილველები "კურიერთან" ჰყვებიან, რომ შენობაში მომხდარი თავდასხმიდან მალევე დაინახეს, როგორ დატოვეს დამნაშავეებმა მიმდებარე ტერიტორია ავტომობილით. მათივე თქმით, ბანკის დაცვის თანამშრომელმა მოახდინა გასროლა და ორივე თავდამსხმელი მსუბუქად დაჭრა.მანამდე კი სავარაუდოდ, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს თავად თავდამსხმელებმაც.
"კურიერის"ინფორმაციით, ამ დროისთვის სამართალდამცველებმა ბანკიდან გატაცებული თანხის მხოლოდ ნაწილი ამოიღეს. რომელიც ბრალდებულებს ავტომობილის საბარგულში ჰქონდათ.
მომხდარის ამ დეტალებს ადასტურებენ შსს-შიც. უწყების ცნობით ორივე პირი უკვე დაკავებულია. ორივე წარსულში ნასამართლევია.
გამოძიების ინფორმაციით, ავტომატით და პისტოლეტით შეიარაღებული ბრალდებულები 1 აპრილს საღამოს ბანკის ფილიალში შეიჭრნენ. მუქარით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცეს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მათი მისამართით ისროლა. ორივე თავდამსხმელი მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ბრალდებულებმა ბანკის ტერიტორიის დატოვება მოახერხეს, ჩასხდნენ იქვე მდგომ ავტომობილში და იარაღის მუქარით აიძულეს მძღოლი, ისინი კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა.