04 მაისი 2024,   01:00
ვრცლად
მოითხოვს თუ არა საქართველო უკრაინისგან დასაბუთებას - თბილისი კიევის ბრალდებებს ტყუილს უწოდებს

თბილისი ტყუილს უწოდებს კიევის ბრალდებებს - დღეს უკრაინამ მორიგი პრეტენზია წაუყენა საქართველოს და განაცხადა, რომ "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქცირებული პროდუქციისთვის კონტრაბანდის არხებს ქმნის." მათ შორის, საუბარია სამხედრო დანიშნულების ტვირთზე. უფრო მეტიც, უკრაინა დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაც განიხილება.

"სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში" - ეს არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაცია, რომელსაც ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულებები არ ახლავს თან. კიევი ამას აღმოსავლეთ აზიის არხს უწოდებს, თუმცა არცერთი სხვა ქვეყნის, მათ შორის ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების სპეცსამსახურები, რომელსაც ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვთ რეგიონზე.

რას აპირებს თბილისი? ბრალდება საკმაოდ სერიოზულია, მოითხოვს თუ არა საქართველო უკრაინისგან დასაბუთებას.

უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოს განცხადებას უკვე მოჰყვა ოფიციალური გამოხმაურება თბილისში. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ "ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ." აქვე ნათქვამია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი. უწყება პასუხისმგებლობას იღებს, რომ კონტროლს და პარტნიორების ინფორმირებას მომავალშიც განაგრძობს.

ინფორმაციის გადამოწმებას, დაზუსტებას და მეტ ოფიციალურ განმარტებას ითხოვს ოპოზიცია. პარტიების ნაწილი შეფასებებში ფრთხილია. ნაწილი - არა.

რაც შეეხება მმართველი პარტიის პოლიტიკურ შეფასებებს, "ქართული ოცნება" უკრაინული დაზვერვის განცხადებებს პოლიტიკურ პროვოკაციას უკავშირებს.

განცხადების მიუხედავად, რომ რუსეთი საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქციის კონტრაბანდის არხს ქმნის, უკრაინის ოფიციალურ უწყებებს არცერთი სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

დღის ამბები