27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
ლაგუნა ვერესთან მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ლაგუნა ვერესთან მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს. სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს.

არცერთი დაკავებული ამ ეტაპზე ბრალს არ აღიარებს, შესაბამისად უცნობია ითანამშრომლებენ თუ არა გამოძიებასთან - ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულების ადვოკატები ავრცელებენ.

როგორც ინტერესების დამცველები ამბობენ, საქმეში მყარი მტკიცებულებები არ არსებობს მათი ბრალეულობის დასამტკიცებლად. რაც შეეხება ოფიციალურ ბრალდებას, როგორც ცნობილია, წინასწარი მოთავსების იზოლატორში 5 პირს უკვე წარედგინა ბრალი, 1 პირის მიმართ გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო კიდევ 1 პირის მიმართ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. 

რაც შეეხება დანარჩენ 3 პირს, გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობაზე დაიწყო. ლაგუნა ვერესთან მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით, ასევე გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების კუთხითაა დაწყებული.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ითვალისწინებს .თავს არ ცნობს დამნაშავედ, ვინაიდან მან ნამდვილად არ იცოდა, ის იმყოფებოდა გარე პერიმეტრზე, შიგნით არ იმყოფებოდა და როდესაც ხმაური დაიწყო გაერიდა ტერიტორიას," - აცხადებს ერთ-ერთ დაკავებულს ადვოკატი. 

"სანაცნობო იყო, რომელიც ისეთ სიტუაციაში მოყვა, სადაც წინასწარ განზრახული და დაგეგმილი არ ყოფილა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს," - აცხადებს კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი.

კოსტავას ქუჩის მახლობლად, დაახლოებით 20-მდე პირს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ორმხრივი სროლის დროს ადგილზე დაიღუპა 2 პირი, დაიჭრა 4. "კურიერმა" გუშინ გაავრცელა ექსკლუზიური კადრები, რომელიც პოლიციელების მიერ მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილეების დაკავებას ასახავს.

დღის ამბები