06 მაისი 2024,   03:43
ვრცლად
სანქციების ახალ პაკეტი და დამატებითი სამხედრო დახმარება - როგორია საერთაშორისო გამოხმაურება უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსეთის ქმედებებზე

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რუსეთის დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. რა ფორმით უნდა გაეცეს პასუხი რუსეთის აგრესიას - ამ საკითხზე ალიანსის წევრი და არაწევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ხვალ კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. NATO განაგრძობს უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.

იენს სტოლტენბერგმა, NATO-ს არაწევრი ქვეყნებისთვის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რომ დახმარება პარტნიორებს გააძლიერებს და რუსეთის აგრესიის პრევენციის შესაძლებლობას მიცემს.

NATO-ს შტაბბინაში მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაგეგმილ მინისტერიალზე, ქვეყნები, რომლებსაც რეალური გადაწყვეტილებების მიღების ძალა აქვთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლირებაზეც იმსჯელებენ. იქამდე კი ბუჩაში, რუსული სამხედრო ძალების ქმედებების გამო, ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების მე-5 პაკეტი დააანონსა.

მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი მკვლელობები დადგმულია. სავარაუდოდ სწორედ ამ პროპაგანდის გავრცელება უნდოდა გაეროში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, იმ სხდომაზე, რომლის ჩანიშვნაზეც მას ბრიტანეთმა, უშიშროების საბჭოს პრეზიდენტმა ქვეყანამ უარი უთხრა. ვასილი ნებენზიამ პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია მოიწვია, თუმცა კრიტიკისთვის საჭირო სიტყვები მაინც ვერ მოძებნა.

დანარჩენი მსოფლიო კი, თავად რუსეთის კოლონიალისტური ქმედებების შესაჩერებლად სხვადასხვა საშუალებით იბრძვის. მაგალითად, დანია და შვედეთი რუს დიპლომატებს აძევებს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს გერმანიაშიც , საიდანაც 40 დიპლომატი მოსკოვში გაუშვეს. საფრანგეთმა კი ქვეყანა 35 რუს დიპლომატს დაატოვებინა. რუსეთის საელჩოს 30 თანამშრომელს გაუშვებენ იტალიიდანაც.

კვირის ბოლოს, უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩასვლას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი აპირებენ. უახლოეს დღეებში, უკრაინის დედაქალაქში ვოლოდიმირ ზელენსკის ავსტრიის კანცლერიც შეხვდება. 

დღის ამბები