20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
წეროვნის N3 საჯარო სკოლას სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა სპორტული ინვენტარი გადასცა

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა, ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად წეროვნის N3 საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა. სკოლაში, რომელშიც ძირითადად საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი მოზარდები სწავლობენ, მაგიდის ჩოგბურთის სივრცე წლებია აღარ ფუნქციონირებდა, დღეიდან კი ყველა მოსწავლე შეძლებს სპორტის ამ სახეობას დაეუფლოს.

მოსწავლეებს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე  პირადად შეხვდნენ.

"ჩვენთვის ამ ბავშვების ემოცია, პოზიტივი და სიხარული  არის მამოძრავებელი ძალა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივცეთ მათ შესაძლებლობა სპორტით დაკავდნენ. მით უმეტეს, ძალიან სპეციფიკურია აქ წარმოდგენილი მოსახლეობის ყოფა, იმიტომ, რომ იძულებით დევნილები არიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ არაერთი მომავალი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი გაიზრდება, რადგან მათ  აქვთ ძალა, ნიჭი, ენერგია და ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ," – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

პროექტის ფარგლებში ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის სკოლის სპორტის მასწავლებელს გადაამზადებს, რის შემდეგაც  ის შეძლებს მოსწავლეებს მაგიდის ჩოგბურთი სრულყოფილად შეასწავლის.

"ვეცდებით რომ ამ სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის კერა დაფუძნდეს, რომელიც მოემსახურება ამ ბავშვებსაც და დევნილებსაც. შემდგომი ეტაპი უკვე იქნება, რომ ეს ბავშვები საქართველოს ნაკრების წევრები გახდებიან, ჩვენ მათ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს,"- განაცხადა საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძემ.

დღის ამბები