03 მაისი 2024,   23:07
ვრცლად
მიიღო თუ არა შალვა პაპუაშვილმა უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა - რას აცხადებენ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია.

საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახოს ომის დანაშაულები.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ შალვა პაპუაშვილს მოუწევს უკრაინაში ჩასვლა, თუმცა ეს უკვე სამარცხვინო ნაბიჯი იქნება.

"მოუწევს რა თქმა უნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უკრაინაში ჩასვლა, მაგრამ ეს ჩასვლა იქნება სამარცხვინო ნაბიჯი. ეს არის ყურში რომ ხელი მოგკიდონ, მიგიყვანონ და გაჩვენონ თუ რა ხდება უკრაინაში და რამდენად არაადეკვატური იყო საქართველოს ხელისუფლების რეაგირება რუსეთის აგრესიის მიმართ," - ამბობს რომან გოცირიძე.

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ როდესაც უკრაინა არსებული გამოწვევების წინაშეა, ნებისმიერ ვიზიტს ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

"როდესაც ქვეყანა არის გამოწვევების წინაშე, რა გამოწვევებიც დღეს უკრაინას აქვს, ყველა ვიზიტს და შესაბამის ჩასვლას სხვა ქვეყნისა და ხელისუფლების წარმომადგენლების აქვს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ მე არ მიკვირს მოწოდება ელჩის მოვალეობის შემსრულებლისგან იმიტომ, რომ სწორედ ამით იზომება ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის ხარისხი," - სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კი მიიჩნევს, რომ სანამ უკრაინა საქართველოს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს არ დაამტკიცებ ან წინააღმდეგ შემთხვევაში ბოდიშს არ მოიხდის, უკრაინაში ვიზიტზე საუბარი არ უნდა იყოს.

"სანამ უკრაინის მხარე არ გააკეთებს მათი უშიშროების ბინძურ ბრალდებებზე, არ იქნება არგუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნება ბოდიში მოხდილი, ვფიქრობ ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს, თუმცა რა თქმა უნდა პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას საქართველო აგრძელებს, მე მესმის მათი მძიმე მდგომარეობის, მაგრამ არსებობს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომლებიც გარკვეულ წესებს მოითხოვს," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს დავით სერგეენკოს, ის ამბობს, რომ ბუჩასა და სხვა ქალაქებში არსებული რეალობა ადამიანურ ლოგიკას არ ექვემდებარება. ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირბით კი დავით სერგეენკო ამბობს, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

"ის რეალობა, რაც იყო ბუჩაში და რაც ალბათ ხდება სამწუხაროდ სხვა ქალაქებში უბრალოდ არაადამიანობაა, ადამიანურ ლოგიკას ეს არ ექვემდებარება. მე არ ვიცი რამდენად შეცვლის მოვლენების განვითარებას ეს ვიზიტი, თუმცა ვადასტურებ ჩემს მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი," - განაცხადა დავით სერგეენკო.

დღის ამბები