04 მაისი 2024,   08:35
ვრცლად
ახალი ეტაპი ევროინტეგრაციის გზაზე - საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი სავარაუდოდ, ორშაბათს გადაეცემა

ახალი ეტაპი ევროინტეგრაციის გზაზე  - ევროკავშირის კითხვარს საქართველო უახლოეს დღეებში მიიღებს - ინფორმაცია "კურიერს" ბელგიასა და ლუქსემბურგში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილმა დაუდასტურა.

ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ასოცირებული ქვეყნის სტატუსი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსით შეიცვლება. 

ორშაბათს ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება და სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს გადაეცემათ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი.

ვახტანგ მახარობლიშვილი "კურიერთან" დეტალურად ჰყვება თუ რა პროცედურები დაიწყება, რა მოლოდინები გაჩნდება და რა ეტაპზე გადადის ქვეყანა კითხვარის გადმოცემის შემდეგ.

"პირველ რიგში დაგიდასტურებთ, რომ უახლოეს დღეებში, შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ალბათობით ორშაბათს გადმოგვეცემა ევროკომისიის მხრიდან ის კითხვარი, რომელიც საფუძველს მოგვცემს, რომ ჩვენ უკვე გადავიდეთ კიდევ ერთ ეტაპზე, დავიწყოთ ამ კითხვარზე პასუხების მომზადება.

ქართული მხარე რა თქმა უნდა აქტიურად ემზადება ამ პროცესისათვის და შესაბამისი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია, რომელზეც უკვე იქნა აღნიშნული თემა განხილული, მზად არის, რომ დაიწყოს ამ კითხვარზე მუშაობა და შესაბამისი პასუხების მომზადება.

კითხვარის გადმოცემა დიდი ალბათობით მოხდება ევროკომისარის მიერ, ვგულისხმობ გაფართოების კომისარს ბატონ ვარჰეის, რომელიც ქართულ მხარეს გადმოგვცემს.

ის ფაქტი, რომ კითხვარი მას შემდეგ, რაც საქართველომ დანარჩენ ორ ასოცირებულ პარტნიორთან ერთად გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ის ფაქტი, რომ ეს კითხვარი საკმაოდ მოკლე დროში გადმოგვეცემა მართლაც არის დასტური იმისა თუ რაოდენ ევროკავშირი თვითონ დაინტერესებულია ამ პროცესით, შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი მომავალშიც სწრაფი ტემპით ივლის.

ჩემი ინფორმაციით, საქართველოსა და მოლდოვასთვის კითხვარი ერთ დღეს გადაიცემა," - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

დღის ამბები