16 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
რუსულ სიმხდალეს არაფერი ეშველება, დადგება დღე, როცა ყველაფრის აღიარება მოუწევთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დაძაბულ კვირას პროგნოზირებს. გვიან ღამით გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მალე ქვეყნის აღმოსავლეთით რუსეთი ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადავა და კიდევ უფრო მეტ რაკეტასა და საავიაციო ბომბს გამოიყენებს.

ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარალელურად ისინი საერთაშორისო არენაზე აქტიურად იმუშავებენ, რათა ქვეყანამ იარაღი დროულად მიიღოს. ზელენსკის თქმით, რუსეთს ოდესმე ყველაფრის აღიარება მოუწევს.

"შეცდომები რომ არ ეღიარებინათ, რუსებმა ახალი შეცდომები დაუშვეს. მათ თავად ჩამოართვეს საკუთარ თავს ყოველგვარი პოლიტიკურ იარაღი. არ სურდათ, უარი ეთქვათ არარეალურ ამბიციებზე, დაიწყეს ეს ომი. მეტიც, დაგვადანაშაულეს, თითქოს ომი ჩვენ დავიწყეთ. მათ დაიპყრეს ყირიმი. რვა წელია, ჩვენს მიწაზე კლავენ ადამიანებს, ბავშვებს. გაანადგურეს აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მძლავრი ინდუსტრიული რეგიონი – დაამსხვრიეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, მათ ჩამოაგდეს მალაიზიური ბოინგი. დაიწყეს სრულმასშტაბიანი ომი ჩვენს წინააღმდეგ და ვითომ ჩვენ ვართ დამნაშავე. მათ უკვე დახარჯეს თითქმის ორი ათასი რაკეტა, უთვალავი ბომბი და საარტილერიო ჭურვები, მათ ასი ათასობით უკრაინელი გადაასახლეს – მაგრამ მაინც ჩვენ ვართ დამნაშავე.

ეს ყველაფერი სიმხდალისგან მოდის. როცა სიმხდალე იზრდება, ის კატასტროფად გადაიქცევა. როდესაც ადამიანებს არ აქვთ გამბედაობა, აღიარონ თავიანთი შეცდომები, მოიხადონ ბოდიში, მოერგონ რეალობას, ისწავლონ, ისინი იქცევიან მონსტრებად და როდესაც სამყარო ამას უგულებელყოფს, მონსტრები წყვეტენ, რომ სწორედ სამყარო უნდა მოერგოს მათ. უკრაინა ამ ყველაფერს შეაჩერებს.

რუსულ სიმხდალეს არაფერი ეშველება. დადგება დღე, როცა ყველაფრის აღიარება მოუწევთ. სიმართლის აღიარება - მთელი ჩვენი ძალა და ყოველი წუთი სწორედ ამისკენაა მიმართული. შემდეგი კვირა არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც გასული კვირები იყო. რუსული ჯარები გადავლენ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, შეიძლება გამოიყენონ კიდევ უფრო მეტი რაკეტა ჩვენს წინააღმდეგ, კიდევ უფრო მეტი საჰაერო ბომბი, მაგრამ ჩვენ ვემზადებით ამ ქმედებებისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები