01 ივლისი 2024,   23:08
ვრცლად
ინფლაცია და საწვავის ფასი - როგორ აისახება რეგიონში ომი მსოფლიო და ქართულ ეკონომიკაზე

47 დღეა რუსული აგრესიის მანქანა კლავს ადამიანებს და ანადგურებს ინფრაქტრუქტურას. უკვე 47 დღეა ომმა პანდემია ჩაანაცვლა და მსოფლიო კრემლის თავზეხელაღებული ქმედებების გამო გაძვირებულ და ნაწილობრივ დეფიციტურ სამყაროში ცხოვრობს - საერთაშორისო ბაზარზე გარკვეული პროდუქტების მიწოდების პრობლემა უკვე გაჩნდა.

რუსულმა ბომბებმა მსოფლიოს მასშტაბით სურსათისა და საკვები პროდუქტების ფასები მარტში, როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) იუწყება, 13%-ით გაზარდა და FAO-ს ინდექსმაც რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. თებერვალში FAO-ს ფასების ინდექსი 140 იყო, მარტში კი მაჩვენებელი 159-მდე გაიზარდა. ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად, მსოფლიოს მთავარი საზრუნავი რეკორდული ინფლაციის შემცირება და მიწოდების უწყვეტობაა.

მაღალი ინფლაცია და ფასები გამოწვევაა საქართველოშიც. საქსტატის ბოლო მონაცემებით, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 11.8% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრადიციულად სურსათის ფასების ზრდასა და საწვავის გაძვირებას ჰქონდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.8 პროცენტით.
ფასები მომატებულია: ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 27.0 %, მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე 24.6 %, გაძვირებულია პური და პურპროდუქტები 23.5 %, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 20.0 %, თევზეული 19.0 %, ზეთი და ცხიმი 17.1 %, ფასის მატებაა ხილსა და ყურძენზე 16.8 %, რძეზე, ყველსა და კვერცხზე 15.3 %, ასევე გაძვირებულია ყავა, ჩაი და კაკაო 14.1 % და ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.5 %.

ფასები ყოველთვის გვახსენებს ლარის კურსს და საწვავს. ეროვნული ვალუტა ბოლო პერიოდში მყარდება, ძვირი საწვავის საკითხი კი ჯერ ისევ აქტუალური პრობლემაა. ბოლო მონაცემებით, გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაიაფება შეინიშნება. ბარელი ბრენტის ნავთობის ფასი 100 დოლარამდე შემცირდა. ნავთობის ფასის კლების ფონზე, საქართველოშიც ელოდებიან საწვავის გაიაფებას.

ფასების დაწევა ეკონომიკურმა გუნდმა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაანონსა, რამდენიმე დღის წინ კი ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ წლის განმავლობაში საწვავი ეტაპობრივად გაიაფდება, ოპტიმისტური ვარაუდის მიზეზად ახლადგაფორმებული, შედარებით იაფი კონტრაქტები დაასახელა.

პროდუქტებისა და საწავის ფასთან ერთად განსაკუთრებით საინტერესოა წამლების საკითხი. თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახნის შემდეგ, საქართველოს აფთიაქებში ეტაპობრივად ჩნდება იაფი და მთავრობის თქმით, ხარისხიანი წამლები. დღეიდან კი სიახლეა რეცეპტის ნაწილში, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექიმები ვალდებულები არიან მედიკამენტები მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწერონ. ვალდებულება ეკისრებათ აფთიაქებსაც. გენერიკული რეცეპტით რომ მიხვალთ, აფთიაქში, სამი ყველაზე დაბალი ღირებულების ალტერნატივა უნდა შემოგთავაზონ და თქვენ გადაწყვეტთ რომელი მწარმოებლის და რა ფასის მედიკამენტი შეიძინოთ. დღეიდან იცვლება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესიც. რეცეპტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.

საინტერესოა როგორ განიკარგება ის თანხა, რასაც დღეს ვიხდით, რომ მომავალში პენსიის სახით მივიღოთ. საპენსიო ფონდმა ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სააგენტომ პორტფელის სავალუტო დივერსიფიცირება დაიწყო. აქამდე მისი აქტივები მხოლოდ ლარში იყო განთავსებული. ამჟამად კი, ფონდის საინვესტიციო პორტფელის 4.2% ანუ 93.5 მილიონი ლარი დოლარშია ინვესტირებული($30 მლნ). ბოლო მონაცემებით, საპენსიო ფონდში აკუმულირებულია 2.22 მილიარდი ლარი, საიდანაც 1.9 მილიარდი მოქალაქეთა შენატანებია, 318 მილიონი ლარი კი დარიცხული სარგებელი.

ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო ქართული პროდუქტი ღვინოა. მისი ხარისხი მნიშვნელოვანია. 2022 წლის პირველ კვარტალში ღვინის 25 კომპანია შეამოწმეს. აქედან 6 კომპანიას სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქვა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ინფორმაციითვე, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმა  ინსპექტირება 14 კომპანიაში ჩაატარეს. სერტიფიკატი გაუუქმდა და ექსპორტზე უარი ეთქვა ღვინის 1 კომპანიას.

მომავალი 3-5 წლის პერიოდში შესასრულებელი ინფრაქტრუქტურული პროექტების სია სამინისტროებს უკვე მზად აქვთ - პროგრამის დეტალები, სადაც დამკვეთი და ფინანსური გარანტორი მთავრობაა, ამ კვირაში უნდა გავიგოთ. ასე დაანონსა პრემიერმა. აქამდე რაც ვიცით ოფიციალურ განცხადებაზე დაყრნდობით, ისაა, რომ სამშენებლო კომპანიებს სახელმწიფო 1,5-2 მილიარდამდე ლარის ღირებულების პროექტს დაუკვეთავს და თანხას 3-5-ი წლის განამვლობაში გადაიხდის. ხელისუფლების გათვლაა, რომ შემცირდეს პროექტების შესრულების ვადა, ბიზსნესმა ისარგებლოს და საბოლოოდ დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა.

ამ კვირაში კიდევ ერთი პრეზენტაცია იგეგმება - ამჯერად ენერგოსექტორში - მთავრობამ ბიზნესს გენერაციის ობიექტების მშენებლობის მოდელი უნდა წარუდგინოს. ხელისუფლება ადასტურებს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დაჩქარებულ ტემპში რაც შეიძლება მეტი ჰესის მშენებლობა გვჭირდება. რადგანაც, ყოველწლიურად მზარდ მოთხოვნასა და მოხმარებას ჩამორჩენილი გენერაცია, პრემიერის თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყანას და ზოგადად, ენერგოუსაფრთხოებას ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს. ველოდებით დეტალებს.

დღის ამბები