01 ივლისი 2024,   22:32
ვრცლად
როგორი იქნება რუსეთში ინფლაციის დონე და რა დანაკარგია მოსალოდნელი უკრაინაში - მსოფლიო ბანკის პროგნოზი

რუსეთი და დეფოლტი

კრემლი თითქმის დეფოლტშია. გლობალური სარეიტინგო კომპანიების ინფორმაციით, რუსეთმა სასესხო ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა. მოსკოვი ორ ობლიგაციას, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალუტის - დოლარის ნაცვლად, რუბლში მოემსახურა. რასაც, საბირჟო კონტრაქტის უხეში დარღვევის კვალიფიკაცია მიეცა.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო მთავრობის სახელით პირობას დებს, რომ ყველანაირად შეეცდება ვალდებულებების დროულ მომსახურებას და არ დაუშვებს, რომ ქვეყანამ დეფოლტი გამოაცხადოს. ვლადიმერ პუტინიც დარწმუნებულია, ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა ასე ამბობს, რომ "რუსეთის ეკონომიკა და ფინანსური სისტემა ფეხზე საკმაოდ მყარად დგას." მსოფლიოს კი მოსკოვის ოპტიმიზმის არ სჯერა.

სანქციების გამო, კრემლს დაახლოებით 315 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვებზე წვდომა აღარ აქვს.

მსოფლიო ბანკის პროგნოზი

ის, რაც პუტინის შეფასებით, ფეხზე მყარად დგომაა, ღრმა რეცესიაა მსოფლიო ბანკისთვის. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზით წელს რუსეთში ინვესტიციების 16.9%-ით, ექსპორტის – 30.9%-ით, ხოლო იმპორტის 35.2%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ასევე, მსოფლიო ბანკი ელოდება, რომ რუსეთში ინფლაციის დონე 22%-მდე აიწევს, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 12.8% აღმოჩნდება.

უფრო მეტი დანაკარგია მოსალოდნელი უკრაინაში. მსოფლიო ბანკის გათვლებით, ქვეყანაში წელს ინვესტიციების 57.5%-ით, ექსპორტის – 80%-ით, ხოლო იმპორტის 70%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. შესაძლებელია, რომ სიღარიბის მინიმალურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელი 70% - მდე გაიზარდოს – შარშან, ეს მონაცემი 18% იყო.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზსაც გადახედა. საფინანსო ინსტიტუტი, ომის გამო, 2,5 პროცენტით ელოდება საქართველოს ეკონომიკის ზრდას, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 3%-ით ნაკლებია. იმ შემთხვევში თუ ომი დროში გახანგრძლივდა, მსოფლიო ბანკი პროგნოზს კიდევ ერთხელ გადახედავს.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გარდა, ომის გამო რეკორდულად მზარდი მსოფლიო ფასების ფონზე, საქართველოში ინფლაციის პროგნოზიც დაკორექტირდა. ეროვნული ბანკი საქართველოში წელს 9%-იან, ანუ სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით სამჯერ მაღალ ინფლაციას ელოდება. მაღალი ინფლაციის გამო კი, როგორც კობა გვენეტაძე ამბობს, მაღალ ნიშნულზე დარჩება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ნახევარი პროცენტული პუნქტით, 11%-მდე 30 მარტს გაზარდა. შემდეგი სხდომა 11 მაისსაა ჩანიშნული.

ამასთანავე, რეკორდულად რომ გაძვირდა მსოფლიოში სურსათი, ამას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ადასტურებს. მაღალი ფასები, განსაკუთრებით პროდუქტებზე გამოწვევაა საქართველოშიც. ეს კარგად ჩანს იმაშიც, რომ საარსებო მინიმუმი გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 238 ლარი 20 თეთრი იყო. რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37ლარითა და 20 თეთრით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 7 ლარითაა გაზრდილი.

საწვავი და მოლოდინები

სასურსათო ფასების გაზრდის პარალელურად, მოკლევადიანი კლების შემდეგ, ნავთობმა საერთაშორისო ბირჟებზე ისევ გაძვირება დაიწყო. ბარელი Brent-ის ფასი 110 დოლარს აჭარბებს. მიმდინარე ფასების ზრდის ფონზე, ძვირდება სამომავლო კონტრაქტები ანუ ფიუჩერსებიც.

ნავთობის მიწოდების მნიშვნელოვნად გაზრდას არ გეგმას (OPEC) - ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, რომელსაც მიაჩნია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის სრულად ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია და რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მიწოდების შეზღუდვამ, შესაძლოა, ევროპის მასშტაბით მწვავე ენერგეტიკული კრიზისი და ფასების ზრდა გამოიწვიოს.

საწვავის ფასი აქტუალური თემაა საქართველოში. სეგმენტთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან ახალი მიდგომაც დააანონსდა. არაერთი განმარტება გაკეთდა. 

ვინ დაარიგებს პენსიას? 

ბანკის შესარჩევად ახალი ტენდერი გამოცხადდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო პენსიების დარიგებაში ბანკს ფულს გადაუხდის, დღემდე, ამ ხარჯს, თავად საფინანსო ინსტიტუტი ფარავდა.  ბანკს 2 კრიტერიუმით შეარჩევენ. პირველი, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც პენსიას უფრო იაფად დაარიგებს ანუ რომელი ბანკიც სახელმწიფოს უფრო იაფად მიაწვდის ამ სერვისს. და მეორე, გადამწყვეტი კრიტერიუმი, ეს არის სესხების საპროცენტო განაკვეთი. სახელმწიფო შეარჩევს იმ ბანკს, რომელიც ტენდერში ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს დააფიქსირებს. ის თუ რამდენად დაბალ განაკვეთზე შეჩერდება ვაჭრობა, ეს პროცესში გამოჩნდება.

საინტერესოა, როგორ განიკარგება ის თანხა, რასაც დღეს ვიხდით, რომ მომავალში პენსიის სახით მივიღოთ. საქართველოს საპენსიო სააგენტო საერთაშორისო ტრანზაქციებს იწყებს. ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციების განსახორციელებლად, ბროკერ-დილერად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი JP Morgan-ი შეარჩია. სააგენტო განაგრძობს ბროკერების შერჩევას როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ დონეზე. პარალელურად, უწყებამ აქტიურად დაიწყო საინვესტიციო პორტფელის სავალუტო დივერსიფიცირებაც. ბოლო მონაცემებით, პორტფელის 9% დოლარშია დენომინირებული. დაწყეულია მუშაობა საკანონდებლო ცვლილებეზეც, რამაც სააგენტოს საინვესტიციო მანდატი უნდა გააფართოვოს. სავარაუდოდ, ცვლილებები საშემოდგომო სესიაზე იქნება წარდგენილი. ველოდებით დეტალებს.

გაქირავება

გაზრდილია უძრავი ქონების ქირის ფასები - მარტში მატება საშუალოდ, წინა წელთან შედარებით თითქმის 49  პროცენტია, წინა თვესთან შედარებით 20 პროცენტზე მეტი. კვლევას თიბისი კაპიტალი აქვეყნებს. მიზეზად, რუსეთ-უკრაინის ომი სახელდება.

კვლევის მიხედვით, 2022 წლის მარტში, გაიზარდა უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 23 პროცენტით, თებერვალთან შედარებით კი - თითქმის 19 პროცენტით.  მოთხოვნის მკვეთრი ზრდის მიზეზად რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან შემოსული მიგრანტების გაზრდილი რაოდენობა სახელდება. კვლევის ავტორების ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მოთხოვნა ახალაშენებულ ბინებზეა, ამ სეგმენტზე ტრანზაქციების საერთო რაოდენობის 65% მოდის.

მიწის რეგისტრაცია

მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება მთელი საქართველოს მასშტაბით და თან დაჩქარებული ტემპით. სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას ყველგან, თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ასეთია მთავრობის გეგმა. ხელისუფლების განმარტებით, 3 წლის განმავლობაში აიზომება და დარეგისტრირდება 1 200 000 ჰა დაურეგისტრირებელი მიწა, როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული ნაკვეთები და ასევე დაზუსტდება უკვე დარეგისტრირებული მონაცემებიც.
მიზანი - ერთიანი, ზუსტი, უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნაა. რამაც, თავის მხრივ , როგორც მთავრობა გამარტავს, უძრავი ქონების ბაზარიც უნდა განავითაროს.

ყაზახეთიდან ტვირთბრუნვა

საქართველოს ტერმინალებით და ზოგადად ჩვენს ქვეყანაზე გამავალი დერეფნებით დაინტერესება  იზრდება, პირველი შედეგები უკვე სახეზეა. ყაზახეთიდან საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა გაიზარდა. ტრანსკასპიური მარშრუტით, მიმდინარე წლის 3 თვეში (266,3) 266 ათას ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, წლიურ ჭრილში 123%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 19 პროცენტით მომატებულია, ამავე მარშრუტით გადატანილი კონტეინერების რაოდენობაც. ინფორმაციას "ყაზახეთის რკინიგზა" ავრცელებს. აპრილის დასაწყისში დაანონსდა, რომ 2022-2023 წლებში დაგეგმილია ყაზახური წარმოშობის დაახლოებით 2 მლნ ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ტრანსპორტირება. მუშაობენ საქართველო-აზერბაიჯანზე გამავალ დერეფანში მშრალი და საკონტეინერო ტვირთის გადმომისამართებაზეც.

ქართული ლოკოკინები ევროპაში

სამ ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტია ევროპაში ექსპროტზე გავიდა, კონკრეტულად იტალიაში. ევროკავშირის ბაზარი ქართული ლოკონკინებისთვის ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბრიდანაა ღია.

ლოკოკინების გარდა, ამ დროისთვის, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების ძაღლისა და კატის საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, მაგალითად როგორიცაა ტყავი, მატყლი ექსპორტი.

საინტერესოა რა და სად გავიდა ექსპორტზე მარტში. დეტალებს ხვალ გასაჯაროვდება, როდესაც საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალებს გამოაქვეყნებს, ექსპრეს მონაცემებიდან ცნობილია, რომ იანვარ-მარტში სავაჭრო ბრუნვამ 3.866 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 38.0%-ით მეტია. გაზრდილია ექსპორტი 43.3%-ით და იმპორტიც 35.8%-ით. 

დღის ამბები