01 მაისი 2024,   02:32
ვრცლად
მარიუპოლში ტყვეების გაცვლა არ შედგა - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს

მარიუპოლში ტყვეების გაცვლა არ შედგა - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. არ შედგა შეთანხმება იმ 3 კონკრეტულ საკითხზეც, რომელზეც ოფიციალური კიევი ბოლო დღეების განმავლობაში საუბრობდა: ტყვეების გაცვლა; არახამიასა და პოდოლიაკის ჩასვლა მარიუპოლში და სამხედროების გამოყვანა დერეფნების მეშვეობით, საკუთარი იარაღით დაჭრილებსა და მოქალაქეებთან ერთად და მესამე - ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ 4 ავტობუსით 80 მოქალაქე გამოიყვანეს, დღეს არცერთი ამ პირობისგან არ შესრულებულა. 

მიუხედავად პუტინის ბრძანებისა, რომ აზოვსტალის ქარხნის დაბომბვა არ გაგრძელებულიყო, დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საბრძოლო შეტაკებები და იერიშები აზოვსტალის ქარხანასა და მიმდებარე ტერიტორიებზე. ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ პუტინის ის განცხადება, რომელშიც შოიგუსთან ერთად ის, ფაქტობრივად, ზეიმობდა მარიუპოლის აღებას, არ შეესაბამება რეალობას. 1000-მდე სამხედრო ამ დრომდე რჩება აზოვსტალის ქარხანაში - ამასთან, იქ არიან რიგითი მოქალაქეები და დაჭრილი ჯარისკაცები.

"უკრაინელი სამხედროები მარიუპოლის იმ ნაწილში რჩებიან, რომელიც მათ კონტროლს ექვემდებარება. გუშინდელი დღის შემდეგ ქალაქში ვითარება ფაქტობრივად არ შეცვლილა. მოგეხსენებათ, ადგილზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა, აზოვსტალში ათასობით ჩვენი სამხედროა ბლოკადაში, ხოლო მარიუპოლში 120 000 მშვიდობიანი მოქალაქეა ალყაში მოქცეული. უკრაინა მუდმივად მუშაობს მარიუპოლის მცხოვრებთა ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების განსახორციელებლად, თუმცა ამ პროცესს რუსეთი აფერხებს.

მე არ ვიცი რა უთხრა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა რუს ხალხს, მაგრამ ვიცი, რომ მათ მარიუპოლის უმეტესი ნაწილი დიდი ხნის წინ დაიკავეს, ქალაქის ნაწილში კი ჩვენი ჯარისკაცები ჯერჯერობით რჩებიან. მარიუპოლის განბლოკვა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი. არსებობს სამხედრო გზა, ამისთვის საჭიროა შესაბამისი მზადყოფნა, პარტნიორების დახმარება და შესაბამისი შეიარაღება. ეს რთული იქნება, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ ამაზე. მეორე გზა არის დიპლომატიური და ჰუმანიტარული გზა, რომელიც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. ჩვენ შუამავლების მეშვეობით რუსეთს დაჭრილების გაცვლა შევთავაზეთ, რაზეც მათ უარი განაცხადეს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები