27 აპრილი 2024,   00:36
ვრცლად
ვისაც დღეს სურს იყოს ნეიტრალური, რათა რამე არ დაკარგოს, დაკარგავს ყველაფერს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კიევში ბრიტანეთის საელჩოს მუშაობის განახლებისთვის და განაცხადა, რომ უკვე 21-მა სახელმწიფომ განაახლა საკუთარი საელჩოს მუშაობა უკრაინის დედაქალაქში. 

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკვე 184 დასახლებული პუნქტის განაღმვა მოხერხდა, ასევე ყოველდღიურად 100 ახალ დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს სამედიცინო და საგანმანათლებლო მომსახურების აღდგენა.

გარდა ამისა, ყველა ერს მათთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, უკრაინა მხოლოდ დასაწყისია და რუსეთი სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდებასაც ისახავს მიზნად.

"უკვე არაერთხელ ვთქვი, რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ დასაწყისია, შემდგომში მათ სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდება უნდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება რუსეთის ფედერაციის ამ ამბიციის გატეხვას. მაგრამ ყველა ერმა, ვისაც ჩვენს მსგავსად სჯერა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს. უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამ გზაზე პირველები აღმოვჩნდით. და ვინ იქნება შემდეგი? თუ მას, ვისაც შეუძლია აღმოჩნდეს უფრო შორს, სურს დღეს ნეიტრალური იყოს, რათა რამე არ დაკარგოს, ეს ნამდვილად ყველაზე სარისკო ფსონია, რადგან თქვენ დაკარგავთ ყველაფერს," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები