04 მაისი 2024,   20:06
ვრცლად
სინათლის ნაცვლად სიბნელე, სითბოს ნაცვლად სიცივე, სიცოცხლის ნაცვლად კი სიკვდილი გვაქვს, ეს ომი ევროპის გულამდე აღწევს - მარიუპოლის მერი

უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და ჰუმანიტარულ კრიზისზე, ქალაქების მერებმა ინფორმაცია ევროდეპუტატებს მიაწოდეს. კომიტეტის წევრები მსჯელობენ რა უნდა გააკეთონ უკრაინელი ლტოლვილების და იმ მოქალაქეების დასახმარებლად, ვინც ქვეყანაში რჩებიან. დღის ბოლოს მიიღებენ რეზოლუციასაც.

ევროპის რეგიონების კომიტეტის სხდომაზე ხუთ უკრაინელ ჩინოსანს მოუსმინეს, მათ შორის იყო მარიუპოლის მერი - ის ონლაინ ჩაერთო ქალაქიდან, რომელიც მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

"სინათლის ნაცვლად სიბნელე, სითბოს ნაცვლად სიცივე, სიცოცხლის ნაცვლად კი სიკვდილი გვაქვს. ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურეს: საავადმყოფოები, ბაღები - ყველაფერს სამიზნეში იღებს მტერი. ყველა მოქალაქე მისთვის მტერი გახდა. 20 000 სიცოცხლე, რომელიც ოკუპანტებმა გააქრეს, ბავშვი, რომელიც ვერასდროს წავა სკოლაში, დედა, რომელიც ვეღარ უმღერის სიმღერას თავის შვილს. ასეთია ომი ახლა მარიუპოლში. ეს ომი ევროპის გულამდე აღწევს. ეს არის სიცოცხლის ბრძოლა სიკვდილის წინააღმდეგ. ეს 21-ე საუკუნეში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა. უკრაინის გამარჯვების შემდეგ უნდა მოხდეს მისი ფერფლიდან აღდგენა. ჩვენ გვჭირდება ევროპის დახმარება უკრაინის აღდგენაში,"- აცხადებს მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კი განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური ომია. მან ევროპას მოუწოდა დარჩნენ უკრაინასთან, ვინაიდან უკრაინაში არსებული არასტაბილურობა, არასტაბილურობას მოუტანს მთელს ევროპას:

"ევროპული უკრაინა არის ამ ომის მიზეზი. ჩვენი სურვილია ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი და არა რუსეთის ფედერაციის ნაწილი. უკრაინა არის რუსეთის იმპერიის სამიზნე. ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირში და არ გვსურს იქ დაბრუნება. ჩვენ არამხოლოდ ჩვენს სახლებს ვიცავთ, არამედ მთელს ევროპას. ყოველდღე ათასობით უკრაინელი კვდება, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. იღუპებიან ბავშვები. ეს დიდი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რუსეთისთვისაც. ამას ახლა ვერ აცნობიერებენ, მაგრამ მიხვდებიან. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოცნებას - გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. უკრაინა ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოა. აქ არსებული არასტაბილურობა, არასტაბილურობას მოუტანს მთელს ევროპას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური ომია. გთხოვთ დარჩით უკრაინასთან,"- აცხადებს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

ლვოვის მერის განცხადებით, უკრაინა გაიმარჯვებს და ეს გამარჯვება არ იქნება მხოლოდ უკრაინის, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის გამარჯვება:

"უკრაინა თავისუფალი სამყაროსა და დემოკრატიისთვის იბრძვის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ ითხოვა დახმარება როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული. ლვოვში ვიღებთ იმ ადამიანებს, ვისაც აიძულეს საცხოვრებელი დაეტოვებინათ. მათ შორის არიან ბავშვები, მოხუცები. ოკუპანტების მიერ ჯერ კიდევ ბლოკადაშია ათასობით ადამიანი. რუსული საოკუპაციო ძალები ადამიანებს აწამებენ. ჩვენ ჩვენი მიწის თითოეული მეტრისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება არ იქნება მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის,"- აცხადებს ლვოვის მერი ანდრეი სადოვი.

დღის ამბები