04 ივლისი 2024,   00:53
ვრცლად
ბრიუსელში, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები, რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობაზე და სანქციებზე მსჯელობენ

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავენ. მხარეები რუსეთის მიერ რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნაზე, ასევე ბლოკის ერთობლივ პოზიციაზე იმსჯელებენ. ასევე, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია თუ რა პოლიტიკა ექნებათ იმ ვითარებაში, როდესაც გაზის გათიშვის საფრთხე რეალურია. მოსკოვის ნაბიჯს, ორი ქვეყნისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეეწყვიტა, ბრიუსელში უკვე უწოდეს შანტაჟი.

ენეგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის განცხადებით, რუსეთმა აჩვენა, რომ სანდო პარტნიორი არ არის და ევროკავშირის ქვეყნებმა გაზის მარაგის დივერსიფიცირება უნდა მოახდინონ.

"რუსეთმა აჩვენა, რომ სანდო პარტნიორი არაა, ის ცდილობს ევროპის გახლეჩვას, ამიტომ მას ერთიანობით უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ უნდა მოვახდინოთ გაზის მარაგის დივერსიფიცირება. გასულ კვირას ვნახეთ რაც მოხდა პოლონეთის და ბულგარეთის შემთხვევაში, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. ქვეყნები თავის მხრივ ცვდილობენ რუსეთის გაზზე უარი თქვან და იპოვონ ჩამანაცვლებელი ბერკეტები. ვიცოდით, რომ რუსეთის მხრიდან ეს მოხდებოდა. ეს ყველა წევრმა სახელმწიფომ იცოდა. ვმუშაობთ სანქციების მომდევნო პაკეტზე," - აცხადებს სიმსონი.

პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრი ანა მოსკოვა ამბობს, რომ რუსული ნავთობისა და გაზის სანქცირება გადაუდებელი და საჭირო ნაბიჯია, ხოლო ქვეყნებს, რომლებიც გადაწყვეტენ მხარი არ დაუჭირონ სანქციებს, შეუძლიათ უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერა გამოხატონ. 

"დღეს ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ სანქციებისკენ რუსულ ნავთობსა და გაზზე. ეს არის გადაუდებელი, საჭირო ნაბიჯი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს სანქციების მომდევნო პაკეტში. ქვანახშირის შემდეგ ახლა ნავთობის და შემდეგ გაზის დროა. ვიცი, რომ ზოგიერთ ქვეყანას არ სურს მხარი დაუჭიროს გაზზე სრულ სანქციებს. ამიტომ მოვუწოდებთ მათ, იყვნენ სრულად სოლიდარულები ფინანსური კუთხით. თუ გადაწყვეტთ, არ დაუჭიროთ მხარი გაზზე სანქციებს, გადაიხდით ფულს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისთვის, ჩვენი ინფრასტრუქტურის დივესრიფიცირებისთვის იქნება გამოყენებული. მჯერა რომ ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯისთვის," - განაცხადა მოსკოვამ.

საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრი, ბარბარა პომპილი აცხადებს, რომ შეხვედრა რუსეთის მიერ ბულგარეთისთვის და პოლონეთისთვის გაზის მიწოდების მოულოდნელად შეწყვეტის გამო ეწყობა, ხოლო მსგავსი პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, რადგან ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს.

"რუსეთმა ცალმხრივად და მოულოდნელად გადაწყვიტა ბულგარეთისა და პოლონეთისთვის გაზის მიწოდება შეეწყვიტა და ჩვენ სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო საბჭოს მოწყობა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები ბულგარეთიდან და პოლონეთიდან ჩვენს სოლიდარობაში. ჩვენ გავაგრძელებთ იმ კონტრაქტების გადახდას, რომლებიც გაფორმდა ევროში ან დოლარში. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ამ ტიპის მანევრები, რომლებიც უკვე დადგენილ კონტრაქტებს არღვევს. ასევე ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკის ერთად განსაზღვრა, შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის გაზზე," - ამბობს პომპილი.



დღის ამბები