06 ივლისი 2024,   09:36
ვრცლად
სამშვიდობო გეგმა და ცეცხლის შეწყვეტა - უკრაინაში ომის მესამე წელს, საუბრები ომის დასრულებაზე სულ უფრო აქტიურია

სამშვიდობო გეგმა და ცეცხლის შეწყვეტა - უკრაინაში ომის მესამე წელს სულ უფრო აქტიურია საუბრები ომის დასრულებაზე. ამ მიზნით, საკუთარი მშვიდობის გეგმა, უნგრეთის პრემიერმა კიევში ჩაიტანა. ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ზელენსკიმ მას მოუსმინა, თუმცა მის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას მხარი არ დაუჭირა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ორბანის პირველი ვიზიტი იყო უკრაინაში.

სამშვიდობო მოლაპარაკებაზე შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ორმა ქვეყანამ გადაწყვიტა მეზობლური ურთიერთობები სხვა ნიშნულზე აიყვანონ. მხარეებმა განიხილეს ვაჭრობა, სასაზღვრო თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და ჰუმანიტარული საკითხები.

კიევი დასავლეთისგან მეტ დახმარებას ითხოვს. ამ საკითხზე ვაშინგტონში უკრაინის თავდაცვის მინისტრიც ჩავიდა. ნატო-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კი, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ლოიდ ოსტინის თქმით, საუბარია 2,3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც კიევი ძალიან მალე მიიღებს.

სამხედრო დახმარების გარდა, ვაშინგტონიდან მოსკოვის მისამართით მუქარაც ისმის. სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ო"ბრაიენის განცხადებით, თუ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, მაშინ უკრაინას ამერიკისგან უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება ექნება. ო"ბრაიენმა ასევე თქვა, რომ უკრაინის მიერ საზღვრებთან არსებული რუსული ობიექტების განადგურების გამო, რუსეთი წინსვლის უნარს კარგავს. უკრაინაში ომის დასრულებაზე წერს "პოლიტიკოც". გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში პუტინთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილის შენარჩუნება შეეძლება მოსკოვს. გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ ტრამპი პუტინთან განიხილავს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ნატო აიღებს ვალდებულებას, შეაჩეროს აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოება, განსაკუთრებით უკრაინასა და საქართველოს მიმართულებით.

უკრაინაში კი კვლავ აქტიურია საბრძოლო მოქმედებები. ქალაქ დნიპროზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 34-ზე მეტი კი დაშავდა. იერიშები იყო ხერსონში, დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაიბომბა ხარკოვი და ზაპოროჟიე. მსხვერპლი მოჰყვა იერიშებს ხარკოვში. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ოდესაზეც. დაიბომბა სუმის ოლქი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

დღის ამბები