20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტრო მისამართს დროებით იცვლის - მიზეზი, 130 წლის ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაციაა

ბოლო 30 წლის მანძილზე პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტრო მისამართს დროებით იცვლის. მიზეზი 130 წლის ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაციაა. განახლების ეტაპი პროექტირების პროცესის შემდეგ დაიწყება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დამთავრებამდე, უწყების 300-ზე მეტი თანამშრომელი ლეონიძის 3 ნომერში გააგრძლებს მუშაობას.

ქვეყნის პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ სამუშაო პროცესის უწყვეტობა გარანტირებული იქნება. ილია დარჩიაშვილის თქმით, ჩიტაძის 4 ნომერში მდებარე შენობა ყველა დიპლომატისთვის განსაკუთრებულია, რადგან ეს ის ადგილია, სადაც მუდმივად ხდებოდა იმ პოლიტიკის განსაზღვრა, რომელიც საქართველოს ამკვიდრებდა საერთაშორისო ასპარეზზე.

შენობის ტექნიკური მდგომარეობა რომ არადამაკმაყოფილებელია და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო, სამხარაულის ექსპერტიზაც ამტკიცებს. ბოლო დასკვნა საგარეო უწყებამ ერთი თვის წინ ჩაიბარა. სამინისტროში ამბობენ, რომ ლეონიძის ქუჩაზე თანამშრომელთა გადაყვანა ეტაპობრივად მოხდება. განმარტავენ, რომ შენობის სრული რეაბილიტაციის გადაწყვეტილებით პირველ რიგში დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები.

საგარეო სამინისტროს ინფრასტრუქტურის ისტორიულობაზე საუბრობენ ურბანისტები. მათი თქმით, 1890 წელს დასრულებულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა. ექსპერტების განმარტებით, საბჭოთა პერიოდში ჩიტაძის 4 ნომერში მდებარე შენობაში არაერთი ინსტიტუტი იყო განთავსებული. სიძველიდან გამომდინარე კი ბუნებრივი ექსპლუატაციის ვადა ამოწურულია.

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. პროგრამის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ ლარზე მეტია. პროგრამის მიხედვით 20 ათასამდე ადამიანი დასაქმდება. მთავრობაში აცხადებენ რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მშენებლობის პროგრამა თითქმის ყველა საჯარო უწყებას შეეხება.

დღის ამბები