თბილისის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით, ქართული პოეზიის დღის აღსანიშნავად, პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ქართული პოეზიის დღე "ცისფერყანწელების" ინიციატივით, 1920 წლის 7 მაისს დაფუძნდა.
ტარიელ ხარხელაურმა ღონისძიების ორგანიზატორებს მისი შემოქმედების დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და მოწვეული სტუმრები.
შემოქმედებით საღამოზე, პოეტებმა და მწერლებმა, ტარიელ ხარხელაურის ლექსები წაიკითხეს და მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, პოეტ ტარიელ ხარხელაურს საკრებულოს სახელით მადლობის სიგელი გადასცეს. პოეტმა მისი შემოქმედებითი საღამოს ბანერზე სამახსოვრო ავტოგრაფი დატოვა.