15 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
რუსებმა "აზოვსტალზე" შტურმი განაახლეს - ოკუპანტები მარიუპოლში, ხერსონსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში, 9 მაისთან დაკავშირებით აღლუმს მართავენ

რუსმა ოკუპანტებმა "აზოვსტალის" ქარხანაზე შეტევა დაიწყეს მას შემდეგ, რაც გაეროს კოლონამ დონეცკის რეგიონი დატოვა. მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, ოკუპანტები ცდილობდნენ გაერღვიათ ხიდი, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

უკრაინული მედია ასევე იუწყება, რომ მარიუპოლში ოკუპანტები აღნიშნავენ 9 მაისს და საზეიმო აღლუმს მართავენ. ამასთან, ოკუპანტები აღლუმებს მართავენ ხერსონსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში.

რუსეთის ჯარებმა ოთხი საკრუიზო რაკეტით შეუტიეს ოდესას, რომლებიც დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. მტერი განაგრძობს რეგიონული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ოფიციალური უწყებების მხრიდან იყო მინიშნებები, რომ 9 მაისს, საოკუპაციო ძალა ეცდებოდა გააქტიურებას.

რუსული ჯარები იზიუმისა და დონეცკის ოლქის დასახლებებზე თავდასხმებისთვის ემზადებიან. დიდია უკრაინის მასშტაბით სარაკეტო დარტყმის ალბათობაც - ინფორმაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"ძალიან სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს რუბიჟნოესა და ბელოგოროვკას მიმდებარედ, მაგისტრალის ორივე მხარეს, სევეროდონეცის, ლისიჩანსკისა და ბახმოტის მიმართულებით. ეს არის ერთადერთი წრე, საიდანაც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და ხალხის გამოყვანა შეგვიძლია, ამიტომ თითოეული ბრძოლა გადამწყვეტია. ოკუპანტებმა ტექნიკის გადასატანად მდინარეზე გადასასვლელი ააშენეს, თუმცა ამ გზით ტანკების ნაწილის ტრანსპორტირება ვერ მოახდინეს. ამ კუთხით, დღევანდელი დღე შესაძლოა გადამწყვეტი იყოს, რადგან თუ მტერმა პროგრესირება შეძლო, ისინი შეტევას გააძლიერებენ და მაგისტრალამდეც მიაღწევენ," - განაცხადა ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის ინფორმაციით, ზაპორიჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ადგილობრივ მოსახლეობას უმიზეზოდ ართმევდნენ საბუთებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნებენ, თუ მონაწილეობას მიიღებენ გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებში.

"დიდია უკრაინის მასშტაბით სარაკეტო დარტყმების ალბათობა. რუსი ოკუპანტების ძალიან დიდი აქტიურობა შეიმჩნევა სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით. ზაპორიჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ადგილობრივ მოსახლეობას უმიზეზოდ ართმევდნენ საბუთებს, რომლებსაც იმ შემთხვევაში დაუბრუნებენ, თუ მონაწილეობას მიიღებენ გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებში. დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მტერი აქტიურად ემზადებოდა საზეიმო აღლუმებისთვის. დონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით ძირითადი ძალისხმევა მიმართა რუბეჟნოეს და პოპასნაიას დასახლებებზე კონტროლის მოპოვების მცდელობაზე და ცდილობს გაარღვიოს ჩვენი ჯარების თავდაცვა," - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა პავლო კოვალჩუკიმ.

თავის მხრივ, განცხადება გაკეთდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

"რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში. რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მაღალი სიზუსტის რაკეტებმა ხარკოვის ოლქში გაანადგურეს მექანიზებული ბრიგადის სამეთაურო პუნქტი, სატელეკომუნიკაციო ობიექტი პიატიხატკის დასახლებასთან და სამხედრო აეროდრომი ქალაქ არციზის მახლობლად. ასევე, განადგურებულია უკრაინის საზღვაო ძალების კორვეტი", - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვიმ.

დღის ამბები