04 მაისი 2024,   08:22
ვრცლად
"აზოვსტალში" 11 მაისს, ოკუპანტები ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებენ - განცხადებას უკრაინელი დეპუტატი ალექსანდრე ლაშინი აკეთებს

მარიუპოლში მოსახლეობას აფრთხილებენ თავშესაფრებში დარჩნენ. ადგილობრივი ხელისუფლება ელოდება, რომ ოკუპანტები "აზოვსტალის" წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ. ეს კი ერთადერთი გზაა ქარხნის გვირაბებიდან ქალაქის მცველები გამოიყვანონ.

"აზოვსტალში" 11 მაისს, ოკუპანტები ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებენ. მარიუპოლში ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ, არ გამოვიდნენ ქუჩებში. მათ სურთ ჩვენი გმირების გამოტყუება "აზოვსტალიდან", რაც არ გამოსდით, ამიტომ ცდილობენ გამოიყენონ ისეთი საშიში იარაღი, როგორიცაა ქიმიური იარაღი. ამიტომ, მე მინდა მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას გაეროს, წითელ ჯვარს, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება მარიუპოლში,"- აცხადებს უკრაინელი დეპუტატი ალექსანდრე ლაშინი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ალექსანდრე მოტუზიანიკი კი აცხადებს, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთში ინტეგრაციას:

"მარიუპოლის მიმართულებით მტერი აგრძელებს ჩვენი დანაყოფების ბლოკირებას "აზოვსტალის" რკინის ქარხანაში და ტერიტორიაზე ახორციელებს თავდასხმებს მძიმე არტილერიისა და ტანკების გამოყენებით. ამ დროისთვის მოსალოდნელი არ არის, რომ ადგილზე სარაკეტო თავდასხმები შეწყდება. მტერი აგრძელებს უკრაინის ქალაქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი უბნების განადგურებას სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო დარტყმებით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, მიკოლაივის, ოდესისა და ხარკოვის ოლქებში.

რუსეთის მთავრობა ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთში ინტეგრაციას. გამარჯვების დღის ფარგლებში, საოკუპაციო ადმინისტრაციებმა გააძლიერეს კონტრდაზვერვის ზომები, გაზარდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკონტროლო პუნქტების რაოდენობა და გააძლიერეს პატრულირება, 10 მაისამდე დაწესებულია კომენდანტის საათი, იზღუდება ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება,"- აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ალექსანდრე მოტუზიანიკი.

დღის ამბები