15 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
6 მილიონ ლარზე მეტი ზარალი და ათეულობით მილიონი, რომელიც "რუსთავი 2-ს" ვალად დღემდე აწევს

ნიკა გვარამიას ადვოკატი "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნევს - საუბარია ტელევიზიისთვის მიყენებულ ზარალზე. პროკურატურის ბრალდებით, 2015 წელს "რუსთავი 2-მა" შპს "ინტერ მედია პლიუსისგან", 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო. დიმიტრი საძაგლიშვილი რამდენიმე მილიონიანი ზიანის საკომპენსაციო არგუმენტად კი "რუსთავი 2-ის" 2020 წლის სარეკლამო შემოსავალზე საუბრობს.

ნიკა გვარამიას ადვოკატს დღეს "რუსთავი 2-ის" დირექტორმა უპასუხა. პაატა სალია, რომელიც ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველიცაა, ამბობს, რომ 2019 წელს, ფინანსურად განადგურებული ტელევიზია გადაიბარა. სალიას თქმით, პროკურატურის ბრალში ნათლად ჩანს, რომ მედიასაშუალების კუთვნილი 6 763 509 ლარის ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, გვარამიამ შპს "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორის,  ზურაბ იაშვილის მეშვეობით, უძრავი ქონებების სახით, 2 საცხოვრებელი ბინა მიიღო.

კიდევ ერთი ეპიზოდი, რაშიც მთავარი არხის დამფუძნებელი სასამართლომ გაამტყუნა, ძვირადღირებულ ავტომობილს ეხება. საუბარია 2019 წელს შპს "თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა" და შპს "პროესკო მედიას" შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლის საფუძველზეც, 76 ათას ევროდ ღირებული ავტომობილი გვარამიას ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც ბრალი რეალობას არ შეესაბამება.

განსხვავებულია "რუსთავი 2-ის" დირექტორის პოზიცია. პაატა სალია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ტელეკომპანიისთვის ფინანსური და მატერიალური წნეხის შესამსუბუქებლად, კანონიერი მეპატრონე მზად იყო ტელევიზიის სასარგებლოდ დათმობებზე წასულიყო, თუმცა იმდროინდელი მენეჯმენტისგან უარი მიიღო, რამაც სალიას აზრით, მედიასაშუალება ფაქტობრივად გაკოტრებამდე მიიყვანა.

ნიკა გვარამიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, "რუსთავი 2"-ის კანონიერი მეპატრონე, ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ფინანსური ზიანის დასაკომპენსირებლად, უახლოეს მომავალში ახალი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.


დღის ამბები