20 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
"მაიმარკეტი" თაღლითური ჯგუფების სამიზნე გახდა - რა უნდა ვიცოდეთ რომ არ მოვტყუვდეთ

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინვაჭრობის საიტი, "მაიმარკეტი", უკვე რამდენიმე კვირაა მომხმარებლებს შესაძლო თაღლითობაზე აფრთხილებს. შეტყობინება გვერდზე შესვლისთანავე თვალსაჩინო ადგილას გვხვდება. რა საფრთხე ემუქრებათ "მაიმარკეტის" მომხმარებლებს - ამასთან დაკავშირებით "კურიერმა" ექსპერიმენტი ჩაატარა და ნივთი გასაყიდად საიტზე განათავსა.

ზუსტად 2 წუთში პოტენციურ მსხვერპლს თაღლითური ჯგუფი გერმანული ნომრიდან დაუკავშირდა, ნივთის მდგომარეობაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ კი საკურიერო მომსახურებით სარგებლობის მოტივით და ვითომდა თანხის ჩასარიცხად, ბარათის მონაცემების შევსება გაურკვეველ ბმულზე გადასვლით სთხოვა, თუმცა ამ შემთხვევაში, თაღლითური გეგმა ჩავარდა.

საბანკო ბარათის მონაცემების გამოძალვა და მუქარა - თაღლითური დაჯგუფების სამიზნე, "მაიმარკეტის" ასობით მომხმარებელი გახდა. დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, თაღლითი საიტზე განთავსებული ნივთის მფლობელს სოციალურ ქსელ Whatsapp-ში უკავშირდება, არწმუნებს, რომ ნივთის შეძენა სურს, შემდეგ კი გადახდის საკუთარ მეთოდს სთავაზობს. ის ან პირდაპირ პლასტიკური ბარათის ფოტოს ითხოვს, ან მონაცემების გაგზავნას.

თაღლითები როგორც ქართული, ისე უცხო ქვეყნის სატელეფონო ნომრებს იყენებენ. შექმნილი აქვთ საკურიერო მომსახურების ყალბი გვერდებიც, რომლებიც რეალურს ჰგავს. სქემა სავარაუდოდ რამდენიმე უცხო ქვეყნიდან იმართება. "მაიმარკეტის" მომხმარებლები დანაშაულებრივ ფაქტებზე ინფორმაციას სხვადასხვა ჯგუფებშიც აზიარებენ.

"მაიმარკეტის" გაფრთხილების მიუხედავად, ბოლო თვეებში თაღლითების მსხვერპლი ასობით ადამიანი გახდა. მითვისებულია მომხმარებლების ათიათასობით ლარი. კომპანიამ საგამოძიებო უწყებას მიმართა.

დანაშაულის ფაქტებზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პარალელურად კი, თაღლითური სქემა ყიდვა-გაყიდვის სხვა საიტებზეც ვრცელდება.

დღის ამბები