04 მაისი 2024,   21:48
ვრცლად
​ძმები კაკულიები, რომელთა სახელს შესაძლოა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა უკავშირდებოდეს, თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს

ძმები კაკულიები დაკავებულები არიან, ოპერაცია გვიან ღამით ორთაჭალაში ჩატარდა. ძმებს, რომლებიც თვეების განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდნენ, სამართალდამცავებმა თბილისში ნაქირავებ ბინაში მიაგნეს. ოფიციალურად მათ იარაღის უკანონო შენახვა-შეძენის ბრალდება აქვთ წაყენებული, თუმცა საქმე, შესაძლოა ბევრად მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებს ეხებოდეს. 

ძმები გუგა და დათო კაკულიები "კრიმინალური ავტორიტეტის" დათო ტბილისკის შვილები არიან, რომელიც მოსკოვში 20 წლის წინ საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდართან კავშირი ჰქონდა ნიკო კვარაცხელიას მამას, ასევე "კანონიერ ქურდს", გია კვარაცხელიას, ამიტომ ვერსია ძმები კაკულიების შურისძიებაზე და ვერაზე 8 თვის წინ მომხდარ მკვლელობასთან კავშირზე, მაშინვე გაჩნდა.

"დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები" - ეს დღეს ნიკო კვარაცხელიას დედამ დაწერა, თუმცა საქმე ამჯერად შესაძლოა უკვე არაყიშვილის ქუჩაზე 3 დღის წინ მომხდარ სროლას ეხებოდეს.

სამართალდამცველებმა ღამის ორ საათზე ნაქირავებ ბინაში მყოფი ძმები, დავით და გუგა კაკულიები დააკავეს. მეზობლებმა ხმაური გაიგეს, თუმცა ვისი აყვანის ოპერაცია მიმდინარეობდა არ იცოდნენ.

"კურიერთან" ჰყვებიან, რომ მისამართზე ერთდროულად ბევრი სამართალდამცველი იყო მისული. "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ დღიურად გაქირავებულ ბინაში ჩხრეკა ჩაატარა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გამოძიება სწორედ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.

არსებობს ვერსიაც, რომლის მიხედვითაც კაკულიების დაკავება შესაძლოა ბოლო პერიოდში გახმაურებულ საქმეებს უკავშირდებოდეს, მათ შორის არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტს. პარასკევს დღის 5 საათზე, თვითმხილველების თვალწინ, შენიღბულმა პირმა სკუტერიდან ორ ახალგაზრდას 15-ჯერ ესროლა, დაჭრილები ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახი კი დაჭრილების და დაკავებულების კავშირს გამორიცხავს.

ბრალდებების საპასუხოდ კაკულიები ახლა დუმილის უფლებით სარგებლობენ და წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდებიან. ადვოკატმა კი ძმების გახმაურებულ საქმეებთან კავშირი გამორიცხა.

დავით და გუგა კაკულიები, "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით დააკავეს, ძმები ორთაჭალაში, ერთ-ერთ ბინაში იმყოფებოდნენ.

დღის ამბები