09 მაისი 2024,   08:33
ვრცლად
"განსაკუთრებით მიხარია ის ფაქტი, რომ პროექტი იდეიდან განხორციელების ბოლო ეტაპამდე, მთლიანად ქართულია" - ირაკლი ღარიბაშვილი ტყუპი ცათამბჯენების გახსნის ღონისძიებას დაესწრო

თბილისში ყველაზე მაღალი ტყუპი ცათამბჯენები გაიხსნა - 147 მეტრიანი მრავალფუნქციური შენობები თანაინვესტირების ფონდისა და კომპანია "აქსისის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა. დედაქალაქის ტყუპები 5 დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს - საცხოვრებელი ფართები, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და რეკრეაციული შენობა. ცათამჯენების გახსნის ღონისძიებას  საქართველოს მთავრობის მეთაურიც დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ხაზი გაუსვა იმას, რომ ცათამბჯენები სრულად ქართული ინვესტიციით აშენდა.

"ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი შესანიშნავი და ამავე დროს უნიკალური მე ვიტყოდი, თბილისში პირველი, სრულიად გამორჩეული არქიტექტურისა და ფუნქციის მქონე ცათამბჯენი შეემატა. "აქსის თაუერსი" არის საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და დეველოპერული კომპანია "აქსისის" ერთობლივი პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით საქართველოში დეველოპმენტის, ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ შეიძლება იქცეს. "აქსის თაუერსისმრავალფუნქციურობამ და განსაკუთრებით ბიზნეს ცენტრის ამ მასშტაბმა - მე ვიტყოდი რომ ხელი შეუწყო მთელი ამ პროსპექტის, ჭავჭავაძის გამზირის ამ მონაკვეთის ბიზნეს უბნად ქცევას. ეს ცათამბჯენი და ეს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ჩვენი ქვეყნის პროგრესის, მშვიდობის და ეკონომიკის განვითარების სიმბოლო შეიძლება გახდეს. 17 წლის წინ დაიწყო ამ პროექტის განხორციელება, შემდეგ, აგვისტოს ომის დროს, 2008 წელს, კრიზისის გამო ეს პროექტი შეჩერდა, სწორედ თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ეს პროექტი განახლდა და დღეს ყველანი ვხედავთ, რომ შედეგი დასრულებულია.

ეს არის ყველაზე მაღალი შენობა ჩვენს დედაქალაქში და კიდევ ერთი თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ინდივიდუალური სტილით, დახვეწილი დიზაინით - გამორჩეული ადგილი გახდება ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება, დახვეწა, ასევე ახალი საერთაშორისო დონის სერვისების დანერგვა თუ ხარისხის თვისობრივი გაუმჯობესება, რა თქმა უნდა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, სულ უფრო მზარდი ტურისტული ნაკადი მივიღოთ და შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ვიზიტორებს, ტურისტებს, მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტებით მომსახურება.

მე განსაკუთრებით მიხარია ის ფაქტი, რომ "აქსის თაუერსი" მთლიანად ქართული პროექტია - იდეიდან დაწყებული, განხორციელების ბოლო ეტაპამდე. ის ნამდვილად იძლევა წარმატების და სიამაყის საბაბს - ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიისთვის, რადგან მსოფლიოს გამორჩეულ პროექტთა რიცხვს ეს ქართული პროექტიც შეუერთდება. მშენებლობის პროცესში ჩართული იყო 200 ქართული კომპანია, დაახლოებით 1000 ადამიანი დასაქმდა, გარდა პირდაპირი დასაქმებულებისა, ეს მასშტაბური პროექტი უამრავი ქართული დიდი თუ პატარა მწარმოებლისთვის იქნება დასაქმების და განვითარების ადგილი. ეს პროექტი კარგი მაგალითია, რომ საქართველოს ეკონომიკაში თანხების დაბანდება არის წარმატებული, უსაფრთხო და მომგებიანი," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები