15 აგვისტო 2022,   19:40
ვრცლად
"სავარაუდოდ 2 კაცი ნახეს ანძასთან..." - რას ჰყვება ავტობუსის მძღოლი ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ

ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეზე პოლიცია მოწმეების გამოკითხვას განაგრძობს. ამჯერად, გამოძიების კითხვებს ავტობუსის მძღოლმა და მგზავრებმა უპასუხეს, რომლებიც მკვლელობის ადგილზე მომხდარის შემდეგ პირველები აღმოჩნდნენ. ინტერესის საგანია - რა ნახეს მათ და არის თუ არა რამე ხელმოსაჭიდი მათ მონაყოლში დამნაშავეების კვალზე გასასვლელად.

"კურიერი" აღნიშნულ ავტობუსის მძღოლს ესაუბრა. მძღოლი "კურიერს" უყვება, რომ ორმა მგზავრმა დაინახა ბორცვზე მიმავალი 2 პირი, რომლებმაც, სავარაუდოდ, ლევან კაჭარავას 20-ზე მეტი ტყვია ესროლა.

"სავარაუდოდ 2 კაცი ნახეს ანძასთან, იქ, ბორცვზე გადადიოდნენო. რაც ვნახე, ჩვენება მივეცი. არამგონია სავარაუდო დამნაშავეები ავტობუსის კამერებს დაეფიქსირებინა, თუმცა ამოიღეს," - განაცხადა ავტობუსის მძღოლმა.

"კურიერი" ასევე იმ ავტობუსის მძღოლებს ესაუბრა, რომლებიც წყნეთის გზაზე მოძრაობენ.

"შევესწარი იმას, რომ საცობი იყო და დაკეტილი გზა იყო. ერთ-ერთი მძღოლი იძახის რომ, სავარაუდოდ, სროლის ხმაც გაიგო... მე მეგონა ავარია და თურმე სროლა ყოფილაო. სხვა მე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე დამკეტეს და ბაგებიდან აღარ გამომიშვეს, კრიმინალური პოლიცია მუშაობსო და დავიკეტე, დავრჩი იქ მთელი 4 საათი. რომ გაიხსნა მერე ამოვედი და აქედან წავედი პარკში. სადაც მკვლელობა მოხდა მანდ ტყეა, კამერა სად არის... მაღლივებს რომ ამოვცდებით, პირველივე მოსახვევშია," - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

ჯერჯერობით მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალური ვერსია არ არსებობს.

რაც შეეხება ოჯახის წევრების პოზიციას, ისინი მიიჩნევენ, რომ დანაშაული დაქირავებული მკვლელის ჩადენილია და მან, სავარაუდოდ, საქართველო უკვე დატოვა. საქმეში უკვე დევს ოქროს მოწმის, ფინანსისტ ირაკლი აბულაძის ჩვენება, რომელიც თავდასხმის დროს ლევან კაჭარავასთან ერთად მის ავტომობილში იჯდა.

დღის ამბები