26 დეკემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ყველა იმ შეხვედრაში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც ამ 12 პუნქტის შესრულებას შეეხება - ალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე

საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, სადაც ევროკომისიის 12 პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ​დეპოლარიზაციის თემაზე შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან, თუმცა კომიტეტის სხდომაზე არ მივიდნენ "გირჩისა" და "მოქალაქეების" წევრები. ამ თემასთან დაკავშირებით მათ განმარტებები უკვე გააკეთეს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ის და ლევან იოსელიანი არ არიან საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრები, შესაბამისად, არ ჰქონდათ ვალდებულება ამ შეხვედრას დასწრებოდნენ.

თუმცა, როგორც ელისაშვილი ამბობს, მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლებასთან ერთად ყველა იმ შეხვედრაში და ყველა იმ ფორმატში, რომელიც  12 რეკომენდაციის შესრულებას ემსახურება.

"ჩვენ ორი მანდატი გვაქვს, მე და ლევან იოსელიანს, ჩვენ არ ვართ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრები, ამდენად, პირდაპირ ვალდებულება, რომ ამ კომიტეტს დავსწრებოდით, არ გვაქვს და შესაბამისად, რაღაც დრამატულს ვერ ვხედავ ამაში. არასდროს არ ვესწრები ხოლმე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, იმიტომ, რომ არ ვართ წევრები. სხვა მხრივ, ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა იმ შეხვედრაში და ყველა იმ ფორმატში, რომელიც ემსახურება იმ 12 რეკომენდაციის შესრულებას. დღესაც იქნება შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და ამას დავესწრებით და ყველა იმ შეხვედრაში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც ამ 12 პუნქტის შესრულებას შეეხება," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარესთან დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "გირჩი".

"ტექნიკური კომიტეტივით იყო და წინ უსწრებდა საერთო შეთანხმებას, რომ ვიწყებთ მუშაობას. ამიტომ, არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამას დავსწრებოდით და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეხედულება შეგვიცვლია იმ პოზიციაზე, რომელიც დავაფიქსირეთ აქამდე," - აცხადებს ჰერმან საბო.

შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება ხათუნა სამნიძე. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შეხვედრაზე გამოჩნდება, რამდენად აქვს ხელისუფლებას ოპონენტებთან საუბრის მზაობა.

"იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ, რამდენად მზად არის ხელისუფლება ან შეთანხმებისთვის ან პირობების შესრულებისთვის ან საერთოდ აქვს თუ არა უნარი ესაუბროს საკუთარ ოპონენტებს, არ ვფიქრობ, რომ ასეთ შესაძლებლობებზე, როდესაც სპიკერი ოპოზიციურ პარტიებთან გეგმავს კონსულტაციას, არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ეს არის რესპუბლიკური პარტიის პოზიცია და საკუთარი დღის წესრიგით ანუ საკუთარი შეხედულებებით მე ვგეგმავ, რომ შევხვდე სპიკერს," - ამბობს ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები